საგარეო ურთიერთობათა პარლამენტის კომიტეტის თავმჯდომარე, ნიკოლოზ სამხარაძე ამტკიცებს, რომ ამ დროისთვის მას არ მიუღია საგარეო საქმეთა მინისტრობის შემოთავაზება. ამავე დროს, ის ამბობს, რომ იცის, ვინ იქნება ახალი მინისტრი.

“პრემიერ-მინისტრი წარადგენს კაბინეტს. რაც შეეხება ჩემს თავს, მე ვარ აქ, პარლამენტში და ვაგრძელებ მუშაობას კომიტეტის თავმჯდომარის პოზიციაზე […] შემოთავაზება არ მიმიღია.

[…] მე ვიცი, ვინ იქნება საგარეო საქმეთა მინისტრი, ოღონდ მე ვერ ვიტყვი ამას, იმიტომ, რომ ეს არის პრემიერ-მინისტრის პრეროგატივა”, – უთხრა სამხარაძემ ჟურნალისტებს.

გარდა ამისა, სამხარაძე ფიქრობს, რომ საპარლამენტო უმრავლესობაში არ მოიძებნება დეპუტატი, ვინც მხარს არ დაუჭერს ირაკლი კობახიძის კანდიდატურას პრემიერ-მინისტრის პოზიციაზე.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სამხარაძის გარდა, საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტზე განიხილება ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, მაკა ბოჭორიშვილიც. თუმცა შეთავაზების მიღება მანაც უარყო.

ხვალ, 1 თებერვალს, 14:00 საათზე გაიმართება მმართველი პარტიის ყრილობა. შეკრებაზე პარტიის საპატიო თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად ირაკლი კობახიძეს წარადგენს. კობახიძეს “ქართული ოცნების” თავმჯდომარის პოზიციაზე აწ უკვე ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი ჩაანაცვლებს. ის თანამდებობიდან 29 იანვარს გადადგა.  

ახალმა პრემიერმა უნდა წარადგინოს მთავრობის ახალი შემადგენლობა, რომელსაც შემდეგ პარლამენტი დაამტკიცებს. ამჟამინდელი საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილია.

ამავე თემაზე: