ახალი ამბები

„ლელოს“ „ჩიხუახუას სინდრომი“ აქვს — პაპუაშვილი

31 იანვარი, 2024 • 1400
„ლელოს“ „ჩიხუახუას სინდრომი“ აქვს — პაპუაშვილი

პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, პარტია „ლელოს“ „ჩიხუახუას სინდრომი“ აქვს.

მისი თქმით, „ლელოს“ საკუთარ თავზე გადაჭარბებული წარმოდგენები აქვს და საკუთარ „ზომასა და წონას“ ადეკვატურად ვერ აფასებს.

„ზოგადად, „ლელო“ საინტერესო მოვლენა არის ქართულ პოლიტიკაში. ერთადერთი მათი პოლიტიკური მიღწევა არის ის, რომ 2020 წლის არჩევნებში მათ მიიღეს მოსახლეობის 3% ხმა და 1 წელიწადში შეძლეს ის, რომ ჩამოვიდნენ 2%-მდე. ამის შემდეგ რატომღაც სულ დიდ გულზე არიან და ჰგონიათ, რომ მათ უნდა განსაზღვრონ პოლიტიკური დღის წესრიგი. არსებობს ასეთი „ჩიხუახუას სინდრომი“ – ჩიხუახუა იცით, რომ ზომით პატარა ძაღლია, მაგრამ დიდი გული აქვს, რადგან თავის ზომაზე გადაჭარბებული წარმოდგენა აქვს და შემდეგ შეებრძოლება ხოლმე სხვა ზომის ცხოველებს. მოკლედ, ადეკვატურად ვერ აფასებს საკუთარ წონას და ზომას.

ვფიქრობ, ამ სინდრომით არის დღეს, განსაკუთრებით, „ლელო“ წარმოდგენილი. გუშინ ვნახეთ, რომ პარლამენტში ორ დეპუტატს უნდა განსაზღვროს დღის წესრიგი, თან ამას ისეთ ტონალობაში, ისეთი გონორით, ისეთი ეგოთი წარმოაჩენენ, რომ არ ვიცი უკვე, ირონიის და სიცილის გარდა, მე მგონია, სხვა სერიოზულ რეაქციას არ იწვევს“, — განაცხადა პაპუაშვილმა.

შალვა პაპუაშვილის პასუხად „ლელოში“ ამბობენ, რომ ჩიხუახუასთან შედარება მათთვის კომპლიმენტია. „ლელოს“ წევრის, ანა ნაცვლიშვილის თქმით, პაპუაშვილის განცხადება ადასტურებს, რომ მთავარი არა რაოდენობა, არამედ ხარისხი და კომპეტენციაა.

„ძალიან უცნაური განცხადება არის, არ მგონია, რომ ძაღლთან შედარება დამაკნინებელი არის. აბსოლუტურად არაადეკვატური არის, თუ ჰგონია, რომ ამ შედარებით რაიმე ტიპის შეურაცხყოფას მოგვაყენებს. პირიქით, ძალიან დიდ კომპლიმენტად ვიღებ ამას შალვა პაპუაშვილისგან. მადლობა მას, რომ აღიარებს, „ლელო“ თავის ორი დეპუტატით ახერხებს იმას, რომ მუდმივი დისკომფორტისა და წნეხის ქვეშ ჰყავდეს მრავალი დეპუტატით წარმოდგენილი „ქართული ოცნება“.

პარლამენტში „ლელოს“ დღევანდელი მდგომარეობა ადასტურებს, რომ მთავარი არ არის რაოდენობა, მთავარი არის ხარისხი, კომპეტენცია და ძალა, რომელიც არის „ლელოში“ და რომელიც არ არის „ქართულ ოცნებაში“. ახლა არიან ძალიან შეშფოთებული იმით, თუ როგორ ქმნის „ლელო“ დღის წესრიგს პარლამენტშიც და პარლამენტს გარეთაც“, – განუცხადა „ფორმულას“ ანა ნაცვლიშვილმა.


29 იანვარს პარლამენტში ევროკავშირის 9 რეკომენდაციასთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაში საპარლამენტო უმრავლესობასთან ერთად მონაწილეობდნენ ოპოზიციის წევრები, გარდა „ლელოსი“.

როგოც  „ლელოში“ აცხადებენ, ახლა “იმიტირებული პროცესების” დრო არ არის და ამიტომ პარტიამ ევროკავშირის რეკომენდაციების შესასრულებლად საკუთარი ხედვა წარადგინა.

მასალების გადაბეჭდვის წესი