ახალი ამბები

კოლეგაზე ადევნებაში ბრალდებულ მასწავლებელს გირაო შეუფარდეს

31 იანვარი, 2024 • 816
კოლეგაზე ადევნებაში ბრალდებულ მასწავლებელს გირაო შეუფარდეს

საქართველოს პროკურატურის განცხადებით, ზესტაფონის რაიონულმა სასამართლომ თერჯოლის მუნიციპალიტეტში კოლეგაზე ადევნებაში ბრალდებულ მასწავლებელს გირაო შეუფარდა, რასაც უწყება სააპელაციო წესით გაასაჩივრებს.

პროკურატურაში აღნიშნავენ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2021 წლიდან 2023 წლამდე პერიოდში, თერჯოლის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში, საჯარო სკოლის პედაგოგი თავის კოლეგასთან არასამსახურებრივ და არასასურველ კომუნიკაციას სისტემატურად ამყარებდა:

„კერძოდ, ბრალდებული დაზარალებულს დაჟინებით სთხოვდა სქესობრივ ურთიერთობას და კატეგორიული უარის მიუხედავად, მასთან დაახლოების მცდელობებს მაინც განაგრძობდა. დაზარალებული იძულებული გახდა მნიშვნელოვნად შეეცვალა ცხოვრების ჩვეული წესი და სამსახურიდან ხანგრძლივ უხელფასო შვებულებაში გასვლის შესახებ გადაწყვეტილება მიეღო. სკოლის პედაგოგს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (ადევნება, რამაც დაზარალებულის ფსიქიკური ტანჯვა და ძალადობის გამოყენების შიში გამოიწვია) წარედგინა“, — აცხადებენ პროკურატურაში.

უწყების განცხადებით, პროკურატურამ ზესტაფონის რაიონულ სასამართლოს მიმართა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით – პატიმრობის შეფარდების და თანამდებობიდან გადაყენების მოთხოვნით, თუმცა სასამართლომ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახედ გირაო – 2 000 ლარი შეუფარდა.

პროკურატურაში აცხადებენ, რომ აღნიშნულ გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში კანონით დადგენილ ვადაში გაასაჩივრებენ. ამასთან, მომხდარი ფაქტის შესწავლისა და შესაბამისი სამართლებრივი ზომების გატარების მიზნით, პროკურატურა მიმართავს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს შესაბამის რესურსცენტრს.

მასალების გადაბეჭდვის წესი