ახალი ამბები

თუ კობახიძე პრემიერი გახდება, ისტორიული მომენტი იქნება ქართული დემოკრატიისთვის – პაპუაშვილი

31 იანვარი, 2024 • 918
თუ კობახიძე პრემიერი გახდება, ისტორიული მომენტი იქნება ქართული დემოკრატიისთვის – პაპუაშვილი

პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ირაკლი კობახიძის პრემიერ-მინისტრად დანიშვნა ქართული დემოკრატიისთვის ისტორიული მომენტი იქნება, რადგან მთავრობაში პარლამენტიდან გადაინაცვლებს.

როგორც პაპუაშვილი ამბობს, პარლამენტის წევრების მთავრობაში გადანაცვლება ქართულ დემოკრატიას ახალ დინამიკას აძლევს. მისი თქმით, „ეს არის სწორედ ის ევროპული ტიპის საპარლამენტო დემოკრატია, რომლის მომსწრენიც ჩვენ ვხდებით ირაკლი კობახიძის პრემიერ-მინისტრობის სახით“.

„იმ შემთხვევაში, თუ ირაკლი კობახიძე გახდება პრემიერ-მინისტრი, ესეც იქნება ისტორიული მომენტი ქართული დემოკრატიისთვის, ვინაიდან პირველად, მას შემდეგ, რაც საქართველო საპარლამენტო რესპუბლიკის წყობაზე გადავიდა, პრემიერ-მინისტრი წამოვა რეალურად საპარლამენტო წიაღიდან. პრინციპში, ეს არის საპარლამენტო დემოკრატიის მიზანი და იდეა, როდესაც საპარლამენტო გამოცდილების მქონე პოლიტიკოსები არიან წარმოდგენილი მთავრობაში პრემიერის თუ სხვა სახით. ამიტომ, ვფიქრობ, პარლამენტსა და მთავრობას შორის ურთიერთობას ეს სხვა დინამიკას შესძენს.

ვფიქრობ, ეს ოპოზიციისთვისაც ძალიან პოზიტიური მოვლენაა და გარკვეულ გამოხმაურებებში ეტყობა კიდევაც, ვინაიდან, როდესაც ყოფილი კოლეგა, რომელთანაც წლები გაქვს გატარებული ერთ სხდომათა დარბაზში, პოლიტიკურ დისკუსიაში, უფრო საინტერესოა და სხვანაირი ინტერაქციაა, როდესაც ასეთი ადამიანი არის მთავრობაში“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.


პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დაადასტურა, რომ თანამდებობას ტოვებს. მისი თქმით, „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭომ პარტიის თავმჯდომარეობა შესთავაზა, საპარლამენტო არჩევნების კამპანიაში უფრო აქტიური მონაწილეობისთვის. პრემიერის პოსტზე ირაკლი კობახიძის კანდიდატურა განიხილება.

მასალების გადაბეჭდვის წესი