“ჩვენი კარი სამუდამოდ დაკეტილია მათთვის, ვინც “ოკუპირებულ ტერიტორიად” მიგვიჩნევს”, – ამის შესახებ აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო უწყების პრესსამსახურის უფროსმა მილანა ცვიჟბამ სამხრეთ კავკასიაში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლისა და ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარის, ტოივო კლაარის აფხაზეთის ტერიტორიაზე შესვლის შეზღუდვასთან დაკავშირებით განაცხადა.
ტოივო კლაარის ცნობით, 2024 წლის იანვრის ბოლოს აფხაზეთში შესვლა შეეზღუდა – “დღეს ვუახლოვდებით ისეთ სიტუაციას, როდესაც, როგორც ჩანს, აფხაზეთი იხურება”.
ამასთან, დე ფაქტო უწყების წარმომადგენელი ურჩევს ტოივო კლაარს, უარი თქვას “ცრუ და პროვოკაციულ ტოპონიმზე” – “სოხუმი” და აფხაზეთში ადგილობრივ არასამთავრობოებთან კავშირში ადანაშაულებს.
“ბატონმა კლაარმა ვერ დამალა ადგილობრივ აფხაზურ არასამთავრობო ორგანიზაციებთან ფინანსური თანამშრომლობის შესახებ, რომელთაც “ადგილებზე პარტნიორ -შემსრულებლები” უწოდა. თავისი არსით ისინი უცხოელი აგენტების ფუნქციებს ასრულებენ” ,- ნათქვამია დე ფაქტო საგარეოს გავრცელებულ ტექსტში.
იქამდე ტოივო კლაარმა ამ საკითხზე გამოქვეყნებულ წერილში განმარტა, რომ არაღიარებისა და ჩართულობის პოლიტიკის ფარგლებში, ევროკავშირი მხარს უჭერს ან აფინანსებს უამრავ ჰუმანიტარულ პროგრამას აფხაზეთში, რაც ადგილზე მომუშავე ისეთი პარტნიორების მეშვეობით ხდება, როგორიცაა გაეროს სააგენტოები, საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციები და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციები.
რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ნამუშევარ ინალ არძინბას აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრად დანიშვნის შემდეგ, აფხაზეთში არასამთავრობო ორგანიზაციებზე ზეწოლა და მათ მიმართ მუქარა გაიზარდა. არძინბა ხშირად საუბრობს არასამთავრობოების ფინანსურ გაუმჭვირვალობაზე და აფხაზეთში დასავლეთის ქვეყნების, ასევე, საქართველოს რბილ ძალაზე, რასაც მისი თქმით, არასამთავრობოები ცდილობენ.