ახალი ამბები

2023-ში დასრულებულ პროექტებში თითქმის ყველა ბინა გაყიდულია, 2026-2028-ში — ნახევარი

26 იანვარი, 2024 • 1235
2023-ში დასრულებულ პროექტებში თითქმის ყველა ბინა გაყიდულია, 2026-2028-ში — ნახევარი

საკონსულტაციო კომპანია Galt & Taggart აჯამებს თბილისში, საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზარზე 2023 წლის მონაცემებს. ორგანიზაციის განცხადებით, 2023 წელს ბინების გაყიდვები დეველოპერების მიერ წლიურად 4.2%-ით გაიზარდა, რაც ხაზს უსვამს თბილისის უძრავი ქონების ბაზარზე მდგრად მოთხოვნას.

კერძოდ, Galt & Taggart-ის მონაცემებით, 2023 წელს დასრულებული პროექტებიდან თითქმის ყველა ბინა უკვე გაყიდულია, ხოლო პროექტებში, რომელებიც 2026-2028 წლებში სრულდება, მთლიანი ბინების თითქმის ნახევარია გაყიდული.

ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ 2023 წელს თბილისში 39.949 ბინა გაიყიდა, რაც 7.0%-იანი წლიური კლებაა და ეს კლება 2022 წლის რეკორდულად მაღალ ბაზას უკავშირდება. თუმცა ორგანიზაციაში აღნიშნავენ, რომ ბინების გაყიდვები მაინც 7.7%-ით აჭარბებს 2021 წლის მაჩვენებელს.

ამასთან, ანგარიშის ავტორების თქმით, 2023 წელს კლება მთლიანად განპირობებული იყო მეორადი ბაზრის (ინდივიდუალური მესაკუთრის მიერ გაყიდული უძრავი ქონება) 13.5%-იანი წლიური შემცირებით, რადგან პირველად ბაზარზე (სამშენებლო კომპანიების/დეველოპერების მიერ გაყიდული უძრავი ქონება) გაყიდვების პოზიტიური დინამიკა შენარჩუნდა და წლიური 1.6%-იანი ზრდა დაფიქსირდა.

რაც შეეხება უძრავი ქონების ფასებს, Galt & Taggart-ის მონაცემებით, 2023 წელს ფასების ზრდის დინამიკა შენარჩუნდა. ამასთან, პირველად ბაზარზე ბინის ფასის წლიური ზრდის ტემპი ორჯერ აღემატებოდა მეორად ბაზარზე ფასის ზრდას (+21.3% და +10.0% წ/წ, შესაბამისად).

1 კვადრატული მეტრის ფასი უბნების მიხედვით 2021, 2022 და 2023 წლებში

ანგარიშის ავტორების თქმით, თბილისში გასაყიდი ბინის მინიმალური ფასი ამჟამად $900/მ2-მდეა, მაშინ როცა ეს მაჩვენებელი 2021 წლის ბოლოსთვის $600/მ2 იყო.

ორგანიზაციაში აღნიშნავენ, რომ 2023 წელს თბილისში 2.9 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების ბინა გაიყიდა, რაც შემცირებული ტრანზაქციების მიუხედავად 9.9%-იანი წლიური ზრდაა. Galt & Taggart აღნიშნავს, რომ ეს ზრდა პირველად ბაზარზე ფასების მატებამ განაპირობა.

თბილისში გაყიდული ბინები უბნების მიხედვით

რაც შეეხება ქირას, ორგანიზაციის ინფორმაციით, 2023 წლის ბოლოსთვის თბილისში საშუალო ზომის ბინის ქირამ კვადრატულზე 10.7 აშშ დოლარი შეადგინა, რაც წლიური 5.1%-იანი შემცირებაა. ამ შემცირების მიუხედავად, ორგანიზაციის ინფორმაციით, ეს ქირა 2021 წლის დონეს ორჯერ აჭარბებს.

ამასთან, Galt & Taggart აღნიშნავს, რომ 2023 წელს თბილისში 255 სამშენებლო ნებართვა გაიცა 1.9 მლნ მ2-ის ჯამურ საცხოვრებელ ფართობზე (+34.1% წ/წ).

მასალების გადაბეჭდვის წესი