ახალი ამბები

ჰააგის სასამართლო 26 იანვარს გადაწყვეტს, გამოიყენოს თუ არა დროებითი ზომა ღაზაში ისრაელის ომის შეჩერებაზე

25 იანვარი, 2024 • 649
ჰააგის სასამართლო 26 იანვარს გადაწყვეტს, გამოიყენოს თუ არა დროებითი ზომა ღაზაში ისრაელის ომის შეჩერებაზე

მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლომ (ICJ), რომელიც ჰააგაშია განთავსებული, ხვალ, 26 იანვარს უნდა გადაწყვიტოს, მიმართავს თუ არა დროებით ზომას, რომელმაც ისრაელს უნდა დაავალდებულოს ღაზის სექტორში სამხედრო ოპერაციის შეწყვეტა.

სასამართლოში, – რომელიც გაეროს ნაწილია, – პალესტინელთა გენოციდის ბრალდებით ისრაელს სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკამ უჩივლა. თავად ისრაელი ამ ბრალდებებს უარყოფს და აცხადებს, რომ თავდაცვის უფლება აქვს და ებრძვის ტერორისტულ ორგანიზაცია „ჰამასს“ და არა პალესტინელ სამოქალაქო პირებს.

ხვალინდელ სხდომაზე 15 მოსამართლისგან შემდგარი სასამართლო საქმეს არსებითად არ განიხილავს და არ განსჯის, არის თუ არა ისრაელის მოქმედებები გენოციდი. სასამართლომ, მარტივი უმრავლესობით, შეიძლება მიიღოს, ან არ მიიღოს დროებითი ზომა საბრძოლო მოქმედებების შეჩერების შესახებ. თუმცა, როგორც „როიტერსი“ აღნიშნავს, სასამართლოს არ აქვს რეალური ბერკეტი თავისი გადაწყვეტილების აღსრულებისთვის.

სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკამ ისრაელის წინააღმდეგ სარჩელი 11 იანვარს შეიტანა.

7 ოქტომბერს, ტერორისტული ორგანიზაციის, „ჰამასის“ მიერ თავდასხმისა და მშვიდობიანი მოქალაქეების განურჩეველი მკვლელობის შემდეგ ისრაელმა სამხედრო ოპერაცია დაიწყო. „ჰამასის“ თავდასხმას 1400-მდე ისრაელელი ემსხვერპლა, ღაზის მიმართულებით გატაცებულად მიიჩნევა 132 ადამიანი.ისრაელი დღემდე აგრძელებს ღაზის სექტორის დაბომბვასა და სახმელეთო ოპერაციას, რასაც ასევე ეწირებიან მშვიდობიანი მოქალაქეები.

გაერო სექტორში არსებულ ჰუმანიტარულ ვითარებას კატასტროფულად მიიჩნევს.პალესტინის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ისრაელის სამხედრო ოპერაციის შედეგად ღაზაში 26 ათასამდე ადამიანია დაღუპული, მათგან 5 ათასზე მეტი ბავშვია. ეს ნიშნავს, რომ 7 ოქტომბერს დაწყებულ ოპერაციას ღაზაში ამ დრომდე დაახლოებით ყოველი მე-100 ღაზელი ემსხვერპლა.

ადგილზე მომუშავე ჰუმანიტარული და უფლებადაცვითი ორგანიზაციები ღაზაში არსებულ ვითარებას კატასტროფულს უწოდებენ, სადაც ადამიანებს ხელი არ მიუწვდებათ საკვებსა და ჯანდაცვის ელემენტარულ სერვისებზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი