ახალი ამბები

TI: 2023-ში მთავრობამ მინიმუმ 531 განკარგულების პროექტი განიხილა და არცერთი არ გასაჯაროებულა

24 იანვარი, 2024 • 706
TI: 2023-ში მთავრობამ მინიმუმ 531 განკარგულების პროექტი განიხილა და არცერთი არ გასაჯაროებულა

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ (TI) ცნობით, 2023 წელს მთავრობის თითქმის ყოველი მე-4 განკარგულება სახელმწიფო ქონების გადაცემას ეხებოდა, თუმცა არცერთი ეს დოკუმენტი საჯარო არ არის.

TI-ის განცხადებით, 2023 წელს საქართველოს მთავრობამ 48 სხდომაზე მინიმუმ 531 განკარგულების პროექტი განიხილა, რომელთაგან დღემდე არცერთი არ გასაჯაროებულა.

ამასთან, ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ მთავრობამ არ გამოაქვეყნა 48-დან 4 სხდომის დღის წესრიგი. მათივე განცხადებით, დოკუმენტების მიღება შეუძლებელია საჯარო ინფორმაციის გამოთხოვის გზითაც.

„უკვე 3 წელზე მეტია მთავრობა გადაწყვეტილებებს დახურულ რეჟიმში იღებს. ამ მიდგომით მთავრობა არა მხოლოდ ამცირებს მისდამი ნდობას, არამედ აჩენს ეჭვს, რომ მიზანი შეიძლება იყოს პრობლემური გადაწყვეტილებების დამალვა.

ამასთან, გასული წლის განკარგულებების 23% – 531-დან 122 – კონკრეტული პირებისთვის სახელმწიფო ქონების სხვადასხვა ფორმით გადაცემას ან მათ მიერ სახელმწიფოს წინაშე აღებული პირობების გადახედვას ეხებოდა, რაც კორუფციული რისკის შემცველია. ამ რისკს ამყარებს სახელმწიფო ქონების სავარაუდო უკანონო გადაცემასთან დაკავშირებით გამომძიებელი ჟურნალისტების მიერ წარსულში გამოვლენილი შემთხვევების არსებობაც“, – ნათქვამია „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ განცხადებაში.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ განცხადებით, გარდა იმისა, რომ განკარგულებების გამოუქვეყნებლობით მთავრობა სხვა საჯარო დაწესებულებებს ცუდ მაგალითს აძლევს, ის ერთდროულად რამდენიმე სამართლებრივ აქტსაც არღვევს:

  • საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლით გარანტირებულ საჯარო ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის უფლებას;
  • ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-10 მუხლის საქვეყნოობის პრინციპს, ამავე კოდექსის მესამე თავით განსაზღვრული საჯარო ინფორმაციის გაცემისათვის დადგენილ წესებს;
  • მთავრობის რეგლამენტს განკარგულებების მაქსიმუმ 3 დღეში ვებგვერდზე ატვირთვასთან დაკავშირებით;
  • მთავრობის დადგენილებას ინფორმაციის პროაქტიულ გამოქვეყნებაზე.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ მოუწოდებს მთავრობის ადმინისტრაციას, უარი თქვას განკარგულებების დამალვის მავნე პრაქტიკაზე, შეასრულოს კანონის მოთხოვნა და გამოაქვეყნოს ყველა დოკუმენტი როგორც მის ოფიციალურ ვებგვერდზე, ისე საკანონმდებლო მაცნეზე, ასევე, დაიცვას საჯარო ინფორმაციის გაცემის კანონით გათვალისწინებული ყველა მოთხოვნა.

მასალების გადაბეჭდვის წესი