თბილისში, კეკელიძის ქუჩის პირველ ნომერში ხატიაშვილების ოჯახის გამოსახლების საწინააღმდეგო აქციაზე დაკავებულებს შორის ჟურნალისტი გელა მთივლიშვილიცაა.
როგორც მთივლიშვილის ადვოკატმა „ნეტგაზეთს“ უთხრა, ჟურნალისტი პროფესიულ მოვალეობას ასრულებდა, რა დროსაც კრიმინალური პოლიციის წარმომადგენლებმა დააკავეს.
მარიამ პატარიძის თქმით, რომელიც „სოციალური სამართლიანობის ცენტრს“ წარმოადგენს, ვაკის პირველ სამმართველოში მთივლიშვილთან ერთად იმყოფება აქციაზე დაკავებული სულ მცირე ათი პირი. ადვოკატები და დაკავებულები ამ დროისთვის ელოდებიან გადაწყვეტილებას, პოლიცია დაკავებულებს სასამართლოში გადაიყვანს თუ წინასწარი დაკავების იზოლატორში.
ადვოკატის თქმით, დაკავებულთა ნაწილი აცხადებს, რომ პოლიციამ მათზე იძალადა. კერძოდ, მარიამ პატარაძის თქმით, გელა მთივლიშვილი აცხადებს, რომ პოლიციის მანქანაში კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები მას გუდავდნენ. ადვოკატის განცხადებით, სპეციალური საგამოძიებო სამსახური ინფორმირებულია პოლიციელების მხრიდან ძალაუფლების შესაძლო ძალადობით გადამეტებაზე და დღესვე გამოჰკითხავენ დაკავებულებს.
აღსრულების პოლიციამ კეკელიძის პირველ ნომერში გამოსახლების პროცედურა 10:00 საათზე დაიწყო. ბინაში შესასვლელად აღსრულების თანამშრომლებმა კარი სპეციალური აღჭურვილობის გამოყენებით შეანგრიეს და იქ მყოფი ადამიანები გარეთ ძალის გამოყენებით გამოყარეს.
გამოსახლების პარალელურად, კეკელიძის ქუჩაზე მოქალაქეები არიან შეკრებილი.
პოლიციამ რამდენიმე აქტივისტი დააკავა კიდეც. არსებული ინფორმაციით, დაკავებულებს შორის არიან აქტივისტებიც, გიორგი ღვინჯილია და ირაკლი კაკაბაძე.
ფეისბუკით გაშვებული პირდაპირი ეთერის წაყვანისას, პოლიციელებმა ფიზიკური ძალის გამოყენებით ჩამოიყვანეს “მაუწყებლის” ჟურნალისტი მისი კუთვნილი მანქანიდან და მისთვის ჟურნალისტური საქმიანობის განხორციელებაში ხელის შეშლა სცადეს.
კეკელიძის N1-ში მცხოვრები ოჯახის წევრების განცხადებით, კერძო მევალეს, საერთო ჯამში, დამატებითი სარგებლის ჩათვლით, უკვე იმაზე მეტი გადაუხადეს, ვიდრე ისესხეს და ბინის დათმობას არ აპირებენ.
ხვალ, 24 იანვარს, გამოსახლების პროცედურა დაგეგმილია შალვა დადიანის ქუჩაზე, ხოლო 26 იანვარს – ზანდუკელის ქუჩაზეც.







