ახალი ამბებისაზოგადოება

“მოვიდნენ პრეზიდენტი და ომბუდსმენი” – ოჯახი, რომელსაც კეკელიძის ქუჩაზე ასახლებენ

23 იანვარი, 2024 • 1117
“მოვიდნენ პრეზიდენტი და ომბუდსმენი” – ოჯახი, რომელსაც კეკელიძის ქუჩაზე ასახლებენ

“ეს არის ქოც-ნაცური კოალიციის დასასრულის დღე, მე არ მაინტერესებს, როგორ დამთავრდება ჩემი ამბავი. ბიძინა, მესამედ მოსულის დასასრული დგება დღეს. ეს იცოდეთ, ხალხო”, – ამბობს ფეისბუკის პირად გვერდზე მარინა ხატიაშვილი, რომლის ოჯახსაც კეკელიძის ქუჩაზე, უკანასკნელი საცხოვრისიდან ასახლებენ.

ამ წუთებში [1:03] ოჯახის მხარდამჭერები ხატიაშვილის სახლში სიმღერით ელიან პოლიციის შეჭრას ოჯახში.

მარინა ხატიაშვილი მოუწოდებს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილსა და სახალხო დამცველს, რომ ადგილზე მივიდნენ და იქ ნახონ, რა ხდება, როგორ ექცევიან ოჯახს.

ხატიაშვილის მოწოდებამდე პრეზიდენტი ზურაბიშვილი სოციალური ქსელით გამოეხმაურა კეკელიძის ქუჩაზე მიმდინარე გამოსახლების პროცედურას, სადაც დილიდან დაპირისპირებაა პოლიციასა და ოჯახის მხარდამჭერებს შორის.

„ზამთარში ადამიანების გამოსახლება ყველა ევროპულ ქვეყანაში აკრძალულია! ადამიანის უფლებები თუ ევროპული ღირებულებები სხვა კი არაფერია“, — დაწერა სალომე ზურაბიშვილმა პირად ფეისბუკ გვერდზე.

ხატიაშვილის ოჯახთან ერთად იმყოფება მეორე ოჯახიც, რომელთა გამოსახლება ხვალ, 24 იანვარს, დადიანის ქუჩაზეა დაგეგმილი.

გამოსახლების პროცედურა თბილისში, კეკელიძის ქუჩის 1 ნომერში აღსრულების პოლიციამ დღეს, 23 იანვარს, 10:00 საათზე დაიწყო. აღსრულების პოლიცია ოჯახის გამოსახლებას ცდილობს საცხოვრებელი ბინიდან.

სოლიდარობის გამოსახატად ადგილზე შეკრებილნი არიან ხატიაშვილების ოჯახის მხარდამჭერები. პოლიცია სადარბაზოში შესასვლელი კარის გატეხას ცდილობს. დაკავებულია სახლთან მობილიზებული რამდენიმე მხარდამჭერი.

ფეისბუკით გაშვებული პირდაპირი ეთერის წაყვანისას, პოლიციელებმა ფიზიკური ძალის გამოყენებით ჩამოიყვანეს “მაუწყებლის” ჟურნალისტი მისი კუთვნილი მანქანიდან და მისთვის ჟურნალისტური საქმიანობის განხორციელებაში ხელის შეშლა სცადეს.

თბილისში, კეკელიძის ქუჩაზე მცხოვრები ოჯახის გამოსახლების მოწინააღმდეგე რამდენიმე აქტივისტი, სავარაუდოდ, დააკავეს. არსებული ინფორმაციით, დაკავებულებს შორის გიორგი ღვინჯილია და ირაკლი კაკაბაძე არიან. „ნეტგაზეთი“ აღნიშნული ინფორმაციის გადამოწმებას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში ცდილობს.

კეკელიძის N1-ში მცხოვრები ოჯახის წევრების განცხადებით, კერძო მევალეს, საერთო ჯამში, დამატებითი სარგებლის ჩათვლით, უკვე იმაზე მეტი გადაუხადეს, ვიდრე ისესხეს და ბინის დათმობას არ აპირებენ.

ხვალ, 24 იანვარს, გამოსახლების პროცედურა დაგეგმილია შალვა დადიანის ქუჩაზე, ხოლო 26 იანვარს – ზანდუკელის ქუჩაზეც.

მასალების გადაბეჭდვის წესი