საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, თბილისს „ძალიან წარმატებული ურთიერთობა“ აქვს ჩინეთთან და პეკინთან სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობის გაღრმავება საქართველოს ინტერესში შედის.
„წელს მოსალოდნელია, რომ მსოფლიოს ეკონომიკა გაიზრდება 3 პროცენტით. რა თქმა უნდა, დიდი მნიშვნელობა აქვს ჩინეთის ეკონომიკის სწრაფ ზრდას, რომელსაც ასევე ექნება გადამდები ეფექტი სხვა დანარჩენ რეგიონებზე და მთლიანად მსოფლიო ეკონომიკაზე. ჩინეთთან ჩვენ გვაქვს ძალიან წარმატებული ურთიერთობა, გასულ წელს მე ვიყავი ჩინეთში და ჩვენ სტრატეგიულ დონეზე ავიყვანეთ ჩვენი პარტნიორობა. ჩინეთთან ყველა ევროპული სახელმწიფო, მთლიანად ევროკავშირი დაინტერესებულია, რომ მოხდეს გაღრმავება ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობების, ამიტომ, ჩვენი ინტერესია, რომ ჩვენ ჩვენს ეროვნულ ინტერესებზე ვიფიქროთ“, – ამბობს მთავრობის მეთაური.
ღარიბაშვილის თქმითვე, გუშინ დაესწრო დახურულ ვახშამს, სადაც „ყველამ“ აღიარა საქართველოს პროგრესი და წინსვლა.
„გუშინ საღამოს მონაწილეობა მივიღეთ ვახშამზე, რომელიც მიეძღვნა ევროპის მომავალს და ევროპის მომავალში, რა თქმა უნდა, იგულისხმება საქართველოც, ვინაიდან ჩვენ ვართ უკვე კანდიდატი ქვეყანა და მე მათ წარვუდგინე ჩემი ხედვა. საქართველოს დაეთმო განსაკუთრებული ადგილი. ამ დახურული ვახშმის ფორმატში ყველამ ერთხმად აღიარა ის წინსვლა და პროგრესი, რომელსაც ჩვენ მივაღწიეთ და ყველასგან კიდევ ერთხელ მივიღეთ მილოცვები. ეს იყო ძირითადი კონტექსტი წლევანდელი დავოსის ფორუმზე“, – განაცხადა პრემიერმა.