ახალი ამბები

არნოლდ შვარცნეგერი მიუნხენის აეროპორტში მებაჟეებმა დააკავეს

18 იანვარი, 2024 • 2716
არნოლდ შვარცნეგერი მიუნხენის აეროპორტში მებაჟეებმა დააკავეს

მიუნხენის აეროპორტში მსახიობი არნოლდ შვარცნეგერი დააკავეს. როგორც CNN წერს, ამის მიზეზი შვარცნეგერის ძვირადღირებული საათი გახდა, რომელიც მსახიობს დეკლარირებული არ ჰქონდა.

გამოცემა წერს, რომ სავარაუდოდ, შვარცნეგერს საათი ავსტრიაში მიჰქონდა, სადაც საქველმოქმედო აუქციონზე გეგმავდა მის გაყიდვას. გერმანიის საბაჟო სამსახურის განცხადებით, ევროკავშირის არაწევრი ქვეყნიდან ძვირადღირებული ნივთების ევროკავშირში შესატანად მათი დეკლარირებაა საჭირო და ეს ვალდებულება ყველა ადამიანზე ვრცელდება.

საბაჟოს განცხადებით, კალიფორნიის ყოფილი გუბერნატორი სამი საათის განმავლობაში იყო დაკავებული, რის შემდეგაც გაათავისუფლეს და ავსტრიაში გამგზავრების ნება დართეს.

CNN წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ მსახიობი Audemars Piguet-ის ძვირადღირებული საათის გაყიდვას ავსტრიაში დაგეგმილ საქველმოქმედო აუქციონზე გეგმავდა, რომელიც ხვალ, 19 იანვარს უნდა გაიმართოს. წყარო CNN-ს ასევე უყვება, რომ შვარცნეგერისთვის არ იყო ცნობილი, რომ საათის გადასატანად დეკლარაცია უნდა შეევსო.

CNN-თან წყარო აღნიშნავს, რომ მსახიობი დათანხმდა, ჯარიმა წინასწარ გადაეხადა, თუმცა საბაჟოს ოფიცრები ერთი საათის განმავლობაში უშედეგოდ ცდილობდნენ ამ მიზნით შვარცნეგერის საკრედიტო ბარათის გამოყენებას, რის შემდეგაც ის ბანკში წაიყვანეს და ბანკომატიდან თანხის ქეშად გამოტანა სთხოვეს:

„ბანკომატში თანხის განაღდების ლიმიტი ძალიან დაბალი იყო, ბანკის ფილიალი კი -დაკეტილი. ამის შემდეგ საბაჟოს ოფიცრებმა შვარცნეგერს საკრედიტო ბარათით ჯარიმის გადასახდელად სხვა ტერმინალი მიუტანეს და ამჯერად ჯარიმის თანხის ჩამოჭრა შეძლეს“ ,— უყვება წყარო CNN-ს.

მასალების გადაბეჭდვის წესი