ახალი ამბები

თავდასხმა ისრაელში, ქუჩაში — მოკლულია 1 და დაშავებულია 18 ადამიანი

15 იანვარი, 2024 • 813
თავდასხმა ისრაელში, ქუჩაში — მოკლულია 1 და დაშავებულია 18 ადამიანი

ისრაელის ქალაქ რაანანაში დანით შეიარაღებულმა კაცმა 79 წლის ქალი მოკლა, მისი მანქანა გაიტაცა და ავტომობილით ფეხით მოსიარულეთათვის გადავლა სცადა. მომხდარის შედეგად 18 ადამიანი დაშავდა, ეჭვმიტანილი დაკავებულია, წერს ადგილობრივი გამოცემა „ჰაარეცი“.

მათი ცნობით, დაშავებულთა შორის სამი ადამიანი მძიმე მდგომარეობაშია. პოლიციის განცხადებით, ეჭვმიტანილი, 44 წლის პალესტინელი მდინარე იორდანის დასავლეთ სანაპიროს ტერიტორიიდან, ქალაქში სამუშაოდ იყო ჩასული. მასთან ერთად მყოფი კიდევ ერთი პირი, რომელიც ავტომობილში იჯდა, ასევე დაკავებულია.

გამოძიების ვერსიით, ეჭვმიტანილმა დანით დაჭრა ქალი, მისი მანქანა გაიტაცა და ტროტუარზე მყოფი ფეხით მოსიარულეთათვის გადავლა სცადა. მანქანის მართვის დაკარგვის შემდეგ მან მორიგი ავტომობილი გაიტაცა. ეჭვმიტანილის მოტივაცია და სხვა დეტალები ამ ეტაპზე უცნობია.

თავდასხმა პალესტინელებით დასახლებულ ღაზის სექტორში ისრაელის სამხედრო ოპერაციის ფონზე მოხდა. ისრაელმა ოპერაცია 7 ოქტომბერს, ტერორისტული ორგანიზაციის, „ჰამასის“ მიერ თავდასხმისა და მშვიდობიანი მოქალაქეების განურჩეველი მკვლელობის შემდეგ დაიწყო. „ჰამასის“ თავდასხმას 1400-მდე ისრაელელი ემსხვერპლა, ღაზის მიმართულებით გატაცებულად მიიჩნევა 132 ადამიანი.

ისრაელი დღემდე აგრძელებს ღაზის სექტორის დაბომბვასა და სახმელეთო ოპერაციას, რასაც ასევე ეწირებიან მშვიდობიანი მოქალაქეები. გაერო სექტორში არსებულ ჰუმანიტარულ ვითარებას კატასტროფულად მიიჩნევს.

პალესტინის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ისრაელის სამხედრო ოპერაციის შედეგად, ღაზაში 23 ათასამდე ადამიანია დაღუპული, მათგან 5 ათასზე მეტი ბავშვია. ეს ნიშნავს, რომ 7 ოქტომბერს დაწყებულ ოპერაციას ღაზაში ამ დრომდე, დაახლოებით, ყოველი მე-100 ღაზელი ემსხვერპლა.

მასალების გადაბეჭდვის წესი