ახალი ამბები

საქართველოს მასწავლებელთა დახელოვნების პროგრამა აშშ-ში – განაცხადების მიღება დაიწყო

10 იანვარი, 2024 • 6141
საქართველოს მასწავლებელთა დახელოვნების პროგრამა აშშ-ში – განაცხადების მიღება დაიწყო

ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში მასწავლებლებისთვის ფულბრაიტის დახელოვნების პროგრამას აცხადებს. მონაწილეობის მიღება საშუალო სკოლის სრულ განაკვეთზე მომუშავე მასწავლებლებს შეუძლიათ, რომლებიც თავისუფლად ფლობენ ინგლისურს.

მონაწილეობის მისაღებად განაცხადის შეტანის ბოლო ვადა 2024 წლის 18 თებერვალია.

პროგრამა განკუთვნილია საშუალო სკოლაში ინგლისურის, მათემატიკის, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა, სხვა უცხო ენებისა და სოციალურ მეცნიერებათა პედაგოგებისთვის, მათ შორის, სპეც.მასწავლებლებისთვის ამ საგნებში, რომლებიც სრულ განაკვეთზე მუშაობენ.

პროგრამაში მონაწილეობის კრიტერიუმებია:

• ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული ხარისხი
• მინიმუმ სამი წლის მანძილზე სრულ განაკვეთზე სწავლების გამოცდილება (უპირატესობა მიენიჭებათ მათ, ვისაც 5-წლიანი და მეტი გამოცდილება აქვს)
• სამეტყველო და წერით დონეზე ინგლისურის ცოდნა
• საქართველოს მოქალაქეობა

მასწავლებლები, რომლებიც პროგრამისთვის შეირჩევიან, მონაწილეობას მიიღებენ აშშ-ის მასპინძელ უნივერსიტეტში დაგეგმილ სემინარებში. ყოველკვირეული სემინარები ეხება სწავლების ახალ მეთოდოლოგიებს, მოსწავლეზე ორიენტირებულ სწავლებას, გაკვეთილების დაგეგმვასა და სწავლების ტექნიკებს.

მონაწილე მასწავლებლები ასევე ჩართული იქნებიან ამერიკელი კოლეგების საქმიანობაში მათ გაკვეთილებზე. ეს მოიცავს მინიმუმ 40 საათის ხანგრძლივობის პრაქტიკულ მუშაობას აშშ-ის სასკოლო გარემოში.

დაინტერესებულ მასწავლებლებს 2024 წლის 18 თებერვლის ჩათვლით შეუძლიათ ონლაინ აპლიკაციის შევსება.

მგზავრობის, პროგრამის ფარგლებში აშშ-ში გადაადგილებასა და საცხოვრებელ ხარჯებს პროგრამა ანაზღაურებს. მონაწილეები ასევე მიიღებენ სტიპენდიას, რომელიც ითვალისწინებს ყოველდღიურ, სწავლასა და კულტურულ აქტივობებთან დაკავშირებულ ხარჯებს.

ფულბრაიტის პროგრამა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტისგან ფინანსდება და 1946 წლიდან ფუნქციონირებს. გრანტები ეძლევათ სტუდენტებს, მეცნიერებს, მასწავლებლებსა და სხვა პროფესიონალებს, როგორც აშშ-დან, ისე სხვა ქვეყნებიდან, რომ ისწავლონ, ასწავლონ და კვლევები აწარმოონ. დაარსების დღიდან, პროგრამით ისარგებლა 400 000-ზე მეტმა მონაწილემ.

პროგრამისთვის მასწავლებლებს საბოლოოდ არჩევს ფულბრაიტის უცხოური სასტიპენდიო საბჭო.

მასალების გადაბეჭდვის წესი