ახალი ამბები

შსს ფერაძის სახლთან შეკრებილ ალტ-ინფოს მოუწოდებს, არ გასცდეს კანონით დადგენილ ნორმებს

10 იანვარი, 2024 • 1459
შსს ფერაძის სახლთან შეკრებილ ალტ-ინფოს მოუწოდებს, არ გასცდეს კანონით დადგენილ ნორმებს

შინაგან საქმეთა სამინისტრო სამოქალაქო აქტივისტის, ნატა ფერაძის სახლთან ალტ-ინფოს წევრების მისვლასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

შსს-ს განცხადებით, უწყების თანამშრომლები ნატა ფერაძის სახლთან მობილიზებული არიან საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვის მიზნით.

„მოვუწოდებთ აქციის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს, არ გასცდნენ გამოხატვის თავისუფლებისა და შეკრების კანონით დადგენილ ნორმებს. სამართალდარღვევის ნებისმიერი ფაქტი პოლიციის მხრიდან კანონის ფარგლებში დაუყოვნებლივ იქნება აღკვეთილი“, – ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

პრორუსული ძალადობრივი ალტ-ინფოს წევრები სამოქალაქო აქტვისტის, ნატა ფერაძის სახლთან არიან შეკრებილი. ალტ-ინფომ ნატა ფერაძის სახლთან მისვლა მას შემდეგ გადაწყვიტა,  რაც გუშინ, 9 იანვარს, აქტივისტმა  ვიდეო გაავრცელა, რომლის კადრებშიც ჩანს, რომ სამების ტაძარში, სავარაუდოდ, საღებავი შეასხეს ხატს, რომელზეც სტალინია გამოსახული.

როგორც ნატა ფერაძე ამბობს, ვიდეოს გავრცელების შემდეგ მისი მისამართით მუქარები არ წყდება. ფერაძემ მის მიმართ გამოთქმულ მუქარებთან დაკავშირებით წუხელ პოლიციასაც მიმართა. მან საპატრულო პოლიციას გააცნო ის მუქარის მესიჯები, რომელიც მიიღო. მისი თქმით, პოლიციის გამოძახების შემდეგ ის განყოფილებაში წაიყვანეს.


სამების ტაძარში, სავარაუდოდ, საღებავი შეასხეს ხატს, რომელზეც სტალინია გამოსახული. ამის ამსახველი კადრები სოციალურ ქსელში სამოქალაქო აქტივისტმა ნატა ფერაძემ გაავრცელა. როგორც კადრებში ჩანს, შუშის ჩარჩოში ჩასმულ ხატს ლურჯი ფერის საღებავი აქვს შესხმული.

სამების საკათერდო ტაძარში მომხდარ ინციდენტზე 9 იანვარს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში ნეტგაზეთს განუცხადეს, უწყებამ “სამების საკათედრო ტაძარში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით საქმის წარმოება ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით დაიწყო. საქმის მასალები შემდგომი რეაგირებისთვის გადაიგზავნება სასამართლოში”.ეს მუხლი წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს და ისჯება 500-დან 1000 ლარამდე ჯარიმით, ან თუ ამ ზომის გამოყენება არასაკმარისად იქნება მიჩნეული, 15 დღემდე ადმინისტრაციული პატიმრობით.

მასალების გადაბეჭდვის წესი