საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს ინფორმაციას სხვადასხვა მონაკვეთზე გადაადგილების შეზღუდვის შესახებ.
დღეს, 6 იანვარს მოძრაობა ჩაიკეტა ბათუმი (ანგისა)-ახალციხის გზა ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ გულებთან. მიზეზი უხვი ნალექის შედეგად განვითარებული მეწყერია. გზებს დეპარტამენტის თქმით, ამ ეტაპზე შესაბამისი ტექნიკით ცდილობენ გზის გაწმენდას, რათა მოძრაობა დროულად აღდგეს.
მოძრაობა შეიზღუდა ფარავნის უღელტეხილიდან ნინოწმინდისკენ მიმავალი გზაზეც. კონკრეტულად, დროებით აიკრძალა მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა. მიზეზი ქარბუქი და შეზღუდული მხედველობაა.
უკვე მე-4 დღეა მიმდინარეობს სამუშაოები ზუგდიდი-მესტიის გზაზე. სოფელ ხაიშთან კლდის ნაწილი 3 იანვარს ჩამოიშალა. უამინდობისა და ქვათაცვენის მომეტებული რისკის გამო გზის სრულად გაწმენდა ამ დრომდე ვერ ხერხდება.
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტომობილებისთვის უკვე აღდგა მოძრაობა ნაქერალას უღელტეხილზე. ყველა სახის ტრანსპორტისთვის მოძრაობა აღდგენილია ქუთაისი(ჭომა)-ალპანა-მამისონის უღელტეხილის საავტომობილო გზაზეც.