ახალი ამბები

გირჩი (მთ) და “დროა” საგარეო საქმეთა მინისტრს პასუხობენ

26 დეკემბერი, 2023 • 633
გირჩი (მთ) და “დროა” საგარეო საქმეთა მინისტრს პასუხობენ

“გირჩი – მეტი თავისუფლება” და “დროა” საგარეო საქმეთა მინისტრს, ილია დარჩიაშვილს არაკომპეტენტურობაში, ან მიზანმიმართულ ტყუილში ადანაშაულებენ. ასე აფასებენ პარტიები მინისტრის განცხადებას მათ მიერ წარმოებული კამპანიის შესახებ “საარჩევნო ყუთი შენს ქალაქში”. კამპანიის მიზანია, უცხოეთში მცხოვრები მოქალაქეებისთვის 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის გამარტივება. უფრო კონკრეტულად, “დროასა” და “გირჩი – მეტი თავისუფლების” ინიციტაივაა, გაიხსნას დამატებითი საარჩევნო უბნები საზღვარგარეთ.

დღეს, 26 დეკემბერს, ილია დარჩიაშვილმა განაცხადა, რომ საელჩოები ყოველთვის მზად არიან არჩევნებისთვის და კამპანიის გარშემო “ზედმეტი აჟიოტაჟია”. გარდა ამისა, მინისტრმა ჩამოთვალა ის წინააღმდეგობები, რაც დამატებითი უბნების გახსნის მცდელობას შეიძლება მოჰყვეს.

“გირჩი – მეტი თავისუფლება” და “დროა” ერთობლივ განცხადებაში რამდენიმე პუნქტად აფასებენ დარჩიაშვილის განცხადებას:

“1. მინისტრმა არ იცის, რომ არჩევნებში ხმის მისაცემად არ არის აუცილებელი საკონსულო აღრიცხვა. საქართველოს კანონმდებლობით, არჩევნებში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ როგორც საკონსულო აღრიცხვაზე მყოფ საქართველოს მოქალაქეებს, ისე საზღვარგარეთ რეგისტრირებულ მოქალაქეებს და საარჩევნო უბანზე რეგისტრირებულ მოქალაქეებს, რომლებიც არც საკონსულო აღრიცხვაზე არიან და არც საზღვარგარეთ არიან რეგისტრირებული;

2. მინისტრმა არ იცის, რომ საარჩევნო უბნის გახსნას ითხოვს არა 1 ადამიანი, არამედ მინიმუმ 50 საქართველოს მოქალაქე. უცხოეთის 6 ქალაქიდან ასეთი მოთხოვნა უკვე კვირებია შესულია საგარეო საქმეთა სამინისტროში და 300-ზე მეტ ადამიანს დღემდე არ მიუღია პასუხი გაიხსნება თუ არა მათ ქალაქებში საარჩევნო უბნები; 40-მდე სხვა ქალაქში ასევე დაწყებულია ხელმოწერების შეგროვება და შესაბამისი მოთხოვნები ასევე გადაეგზავნება საგარეო საქმეთა სამინისტროს უახლოეს დღეებში;

3. მინისტრმა არ იცის, რომ საარჩევნო უბნების მხოლოდ საკონსულოებში გახსნა, არ არის საკმარისი და წარმოადგენს მთავარ ხელშემშლელ ფაქტორს იმისათვის რომ ემიგრანტებმა შეძლონ არჩევნებში მონაწილეობა. ამის დასტურია ის, რომ ქვეყნიდან გასული მილიონამდე საქართველოს მოქალაქიდან ბოლო არჩევნებზე მხოლოდ 13,000-მდე ადამიანმა შეძლო ხმის მიცემა;

4. მინისტრმა არ იცის, რომ არ არსებობს გაწერილი, გასაგები პროცედურა თუ როგორ იღებენ გადაწყეტილებას საგარეო საქმეთა სამინისტრო და ცენტრალური საარჩევნო კომისია უცხოეთში საარჩენო უბნების გახსნასთან დაკავშირებით. არსებობს მხოლოდ საკანონმდებლო ჩანაწერი და სახელმწიფოს ვალდებულება რომ უბანი გაიხსნას თუ ამას ითხოვს მინიმუმ 50 საქართველოს მოქალაქე”, – ვკითხულობთ პარტიების განცხადებაში.

პარტიები საგარეო საქმეთა სამინისტროსგან მოითხოვენ განმარტებას, საკმარისია თუ არა მინიმუმ 50 მოქალაქის წერილობითი მოთხოვნა იმისთვის, რომ კონკრეტულ ქალაქში გაიხსნას საარჩევნო უბანი. უარყოფითი პასუხის შემთხვევაში პარტიები უწყებას მოუწოდებენ, თავად ახსნას, რა პროცედურაა საჭირო საზღვარგარეთ დამატებითი საარჩევნო უბნების გასახსნელად.

მასალების გადაბეჭდვის წესი