ახალი ამბები

„ზედმეტი აჟიოტაჟია“ — დარჩიაშვილი უცხოეთში საარჩევნო უბნების დამატებაზე

26 დეკემბერი, 2023 • 651
„ზედმეტი აჟიოტაჟია“ — დარჩიაშვილი უცხოეთში საარჩევნო უბნების დამატებაზე

საგარეო საქმეთა მინისტრის, ილია დარჩიაშვილის განცხადებით, საზვარგარეთ დამატებითი საარჩევნო უბნების გახსნასთან დაკავშირებით „ზედმეტი აჟიოტაჟია“ შექმნილი.

საუბარია „გირჩი – მეტი თავისუფლების“ და „დროას“ პროქტზე —  „საარჩევნო ყუთი შენს ქალაქში“ — რომლის მიზანია ახალი საარჩევნო უბნების გახსნა უცხოეთის იმ ქალაქებში, სადაც ამჟამად ცხოვრობს საქართველოს ბევრი მოქალაქე, მაგრამ არ არსებობს საქართველოს საკონსულო.

„მგონია, რომ ზედმეტი აჟიოტაჟია, ჩემთვის გაუგებარი. საქართველოს საელჩოები არჩევნების დროს ყოველთვის მზად იყვნენ, რომ საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც რეგისტრაციაზე იმყოფებოდნენ საკონსულო აღრიცხვაზე, მიეღოთ არჩევნებში მონაწილეობა“, — განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.

ამასთან, დარჩიაშვილის თქმით, უცხოეთში ახალი საარჩევნო უბნების დამატება დიდ რესურსებს მოითხოვს.

„როგორ წარმოგიდგენიათ საარჩევნო უბნის გახსნა ქალაქში, სადაც საქართველოს ერთი მოქალაქეა? ჯერ ერთი, ამას ადგილზე სჭირდება კომისია, უამრავი ადამიანური რესურსი, რათა ეს არჩევნები გამჭვირვალედ და უსაფრთხოდ ჩატარდეს. ჩვენ ამ ლოგიკით გვაქვს კონკრეტული პროცედურა, რაც ძალიან მჭიდრო კოორდინაციაშია ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან.

არ იღელვოთ, საზღვარგარეთ დროებით მყოფ ჩვენს მოქალაქეებს როგორც აქამდე ჰქონდათ ხმის მიცემის შესაძლებლობა, ასევე ექნებათ არჩევნებში მონაწილეობისა და საკუთარი სიმპათიების გამოხატვის შესაძლებლობა“, — განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი