ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ხელისუფლებაში არ უარყოფენ, რომ ზუგდიდში აფხაზ მინისტრს შეხვდნენ

26 დეკემბერი, 2023 • 1417
ხელისუფლებაში არ უარყოფენ, რომ ზუგდიდში აფხაზ მინისტრს შეხვდნენ

საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები არ უარყოფენ ინფორმაციას, რომ 22 დეკემბერს აფხაზეთის დე ფაქტო ეკონომიკის მინისტრი და ვიცე-პრემიერი ენგურჰესის საკითხთან დაკავშირებით ზუგდიდში მოლაპარაკებებზე იმყოფებოდა.

აფხაზეთის ენერგეტიკის საკითხებთან დაკავშირებით საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე კრისტინა ოზგანის შესაძლო საიდუმლო ვიზიტის შესახებ ინფორმაცია რამდენიმე დღის წინ აფხაზური ტელეგრამ-არხებით ანონიმურმა მომხმარებლებმა გაავრცელეს. თუმცა, ამ დრომდე ინფორმაცია ოფიციალურად არც უარყვია და არც დაუდასტურებია არც “ენგურჰესის” ადმინისტრაციას და არც ქართულ და აფხაზურ მხარეებს.

დე ფაქტო მინისტრის ქართულ მხარეს შესაძლო საიდუმლო ვიზიტს აფხაზი ვეტერანები ეხმაურებიან

“მე არ ვიცი ამ შეხვედრის კონკრეტული დეტალები. შეგიძლიათ ეს უწყებაში [ეკონომიკის სამინისტროში] იკითხოთ. თუმცა ენგურჰესი ყოველთვის იყო ნდობის აღდგენის შესაძლებლობა და ურთიერთობის ოკუპაციის ხაზით გაყოფილ ორ საზოგადოებას შორის. ეს ყოველთვის ასე იყო, რადგან ენგურჰესის გეოგრაფიული მდებარეობაც ისეთია, რომ ეს კოორდინაცია ზოგადად საჭიროა, რათა ობიექტმა იფუნქციონიროს და გენერირება მოახდინოს ელექტროენერგიის.

მეტი დეტალი არ მაქვს. თუმცა, ყოველთვის ასე იყო, მას მერე, რაც ოკუპაციის ხაზით იყო ორი საზოგადოება გაყოფილი, ეს ობიექტი ყოველთვის ემსახურებოდა ნდობის აღდგენისკენ გადადგმულ ნაბიჯებს”, – განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.

კითხვას, თუ ვინ იყო თბილისის მხრიდან მომლაპარაკებელი, არც პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა უპასუხა და აღნიშნა, რომ ეს პარლამენტის კომპეტენცია არაა.

“რაც შეეხება ურთიერთობას, ენგურჰესი, წლებია, გახლავთ მაგალითი, სადაც შესაძლებელი არის ტექნიკურ საკითხებზე საუბარი, რათა, საბოლოო ჯამში, ჩვენი თანამოქალაქეები, რომლებიც არიან ოკუპირებულ ტერიტორიაზე, მათი შესაბამისი სოციალური პირობები, – ვგულისხმობ ელექტროენერგიით მომარაგებას, – და ეს არის ყველაზე კარგი მაგალითი იმის, რომ ურთიერთობები და კონტაქტი უნდა არსებობდეს”, – განაცხადა პაპუაშვილმა.

ამასთან, გავრცელებული ინფორმაციით, მოლაპარაკებებში ქართული მხარიდან ეკონომიკის მინისტრის მოადგილე რომეო მიქაუტაძე მონაწილეობდა, რასაც ხელისუფლების წარმომადგენლები არ ადასტურებენ.

ნეტგაზეთი ამ ინფორმაციის გადამოწმებას ეკონომიკის სამინისტროსთანაც ცდილობს.

როგორც საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა განაცხადა, მან შეხვედრის დეტალები არ იცის.

აფხაზეთის 1992-1993 წლების ვეტერანთა ორგანიზაცია “არუაა”  დე ფაქტო ენერგეტიკის მინისტრისა და ვიცე პრემიერის, კრისტინა ოზგანის 2023 წლის 22 დეკემბერს საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე შესაძლო საიდუმლო ვიზიტის შესახებ განცხადებას ავრცელებს.

განცხადებაში ნათქვამია, რომ აქამდე მათაც უჭირდათ ამ ინფორმაციის სანდოობის დადასტურება, თუმცა, ენგურჰესზე მომუშავე მათმა წყაროებმა, ამ ფაქტის შესახებ დაუდასტურეს.


აფხაზეთში ენერგეტიკის სფეროს განვითარების საკითხზე დღესდღეობით ცხარე დისკუსიები მიმდინარეობს. როგორც ირკვევა, აფხაზეთს რუსეთის წინაშე ელექტროენერგიისთვის 1 მილიარდ რუბლზე მეტი დავალიანება აქვს. ადგილობრივი ოპოზიცია, რომელიც ყველაზე ხშირად სპეკულირებს საქართველოსთან ურთიერთობით, ენერგეტიკის სფეროში პრობლემების განხილვისას, პირიქით – ხელისუფლებას სთავაზობს სწორედ საქართველოსთან თანამშრომლობას, რადგანაც ამაში ხედავს გადარჩენის გზას რუსეთის ენერგეტიკული კონტროლისა და შანტაჟისგან. თუმცა ხელისუფლება, რომელიც რუსეთზეა დამოკიდებული, ამ ნაბიჯს ვერ დგამს [ოფიციალურად].

 

მასალების გადაბეჭდვის წესი