ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

დე ფაქტო მინისტრის ქართულ მხარეს შესაძლო საიდუმლო ვიზიტს აფხაზი ვეტერანები ეხმაურებიან

26 დეკემბერი, 2023 • 1534
დე ფაქტო მინისტრის ქართულ მხარეს შესაძლო საიდუმლო ვიზიტს აფხაზი ვეტერანები ეხმაურებიან

აფხაზეთის 1992-1993 წლების ვეტერანთა ორგანიზაცია “არუაა”  განცხადებას ავრცელებს დე ფაქტო ენერგეტიკის მინისტრისა და ვიცე- პრემიერის, კრისტინა ოზგანის  საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე შესაძლო საიდუმლო ვიზიტის შესახებ 2023 წლის 22 დეკემბერს.

განცხადებაში ნათქვამია, რომ აქამდე მათაც უჭირდათ ამ ინფორმაციის სანდოობის დადასტურება, თუმცა ენგურჰესზე მომუშავე მათმა წყაროებმა ამ ფაქტის შესახებ დაუდასტურეს.

“რუსეთის ფედერაციის მიერ აფხაზეთის რესპუბლიკის დამოუკიდებლობის აღიარების მომენტიდან აფხაზეთის რესპუბლიკის არცერთ მაღალჩინოსანი არ ყოფილა საქართველოში. ყველა მოლაპარაკება, რომელსაც ჩვენი ქვეყნის წარმომადგენლები ენერგეტიკის საკითხებზე ქართულ მხარესთან აწარმოებდნენ აფხაზეთის ტერიტორიაზე არსებულ ენგურჰესის სადგურზე ან გალში IPRM -ის ფარგლებში, წინასწარ ანონსდებოდა და ჩვენი საზოგადოებისთვის ცნობილი ხდებოდა დღის წესრიგი და სხვა დეტალები”.

კრისტიკა ოზგანი კი, როგორც “არუაა” აცხადებს, საქართველოს ტერიტორიას ინკოგნიტოდ ეწვია და დაუმალა ეს ვიზიტი ხალხს.

“არავინ იცის, რას განიხილავდნენ იქ და ვის შეხვდა. რა შესთავაზა მან ელექტროენერგიის სანაცვლოდ იქ – პოლიტიკური დათმობები თუ კიდევ სხვა რამ”.

ამასთან, ორგანიზაციის განცხადებით, ეჭვგარეშეა ის, რომ “პრეზიდენტის [ასლან ბჟანია] თანხმობის გარეშე ასეთი ვიზიტი შეუძლებელია”.

“ეროვნული კრებისგან – აფხაზეთის რესპუბლიკის პარლამენტისგან ვითხოვთ, ხელისუფლებას მოსთხოვოს პასუხი და მინისტრმა ამ ვიზიტის შესახებ განუმარტოს საკუთარ ქვეყანას. მივიჩნევთ, რომ ამ ნაბიჯის შემდეგ ეკონომიკის მინისტრმა და ვიცე-პრემიერმა კრისტინა ოზგანმა აფხაზ ხალხს საჯაროდ ბოდიში უნდა მოუხადოს ან დაუყოვნებლივ გადადგეს თანამდებობიდან”, – ნათქვამია “არუაას” განცხადებაში.

აფხაზეთის ენერგეტიკის საკითხებთან დაკავშირებით საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე კრისტინა ოზგანის შესაძლო საიდუმლო ვიზიტის შესახებ ინფორმაცია რამდენიმე დღის წინ აფხაზური ტელეგრამ-არხებით ანონიმურმა მომხმარებლებმა გაავრცელეს. თუმცა, ამ დრომდე ინფორმაცია ოფიციალურად არც უარყვია და არც დაუდასტურებია არც “ენგურჰესის” ადმინისტრაციას და არც ქართულ და აფხაზურ მხარეებს.

აფხაზეთში ენერგეტიკის სფეროს განვითარების საკითხზე დღესდღეობით ცხარე დისკუსიები მიმდინარეობს. როგორც ირკვევა, აფხაზეთს რუსეთის წინაშე ელექტროენერგიისთვის 1 მილიარდ რუბლზე მეტი დავალიანება აქვს. ადგილობრივი ოპოზიცია, რომელიც ყველაზე ხშირად სპეკულირებს საქართველოსთან ურთიერთობით, ენერგეტიკის სფეროში პრობლემების განხილვისას, პირიქით – ხელისუფლებას სთავაზობს სწორედ საქართველოსთან თანამშრომლობას, რადგანაც ამაში ხედავს გადარჩენის გზას რუსეთის ენერგეტიკული კონტროლისა და შანტაჟისგან. თუმცა ხელისუფლება, რომელიც რუსეთზეა დამოკიდებული, ამ ნაბიჯს ვერ დგამს [ოფიციალურად].

მასალების გადაბეჭდვის წესი