ახალი ამბები

პოლიტიკოსები არ უნდა ერეოდნენ დიაგნოზებში – ჩხაიძე სააკაშვილის კლინიკადან გადაყვანაზე

22 დეკემბერი, 2023 • 1608
პოლიტიკოსები არ უნდა ერეოდნენ დიაგნოზებში – ჩხაიძე სააკაშვილის კლინიკადან გადაყვანაზე

კლინიკა „ვივამედის“ კლინიკური დირექტორის, ზურაბ ჩხაიძის განცხადებით, პოლიტიკოსები სამედიცინო დიაგნოზების დასმაში არ უნდა ერეოდნენ.

ამის შესახებ მან „ფორმულას“ განუცხადა ყოფილი პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას პარტიის წევრების მოთხოვნაზე საუბრისას. ექსპრემიერის თანაგუნდელები კლინიკა „ვივამედიდან“ მიხეილ სააკაშვილის ციხეში გადაყვანას ითხოვენ.

„თუ ექიმი, მკურნალი ექიმი, გარდა ამისა, სხვა ექიმი-სპეციალისტები, რომლებიც ჩართული არიან პაციენტის მკურნალობის საქმეში, თვლიან, რომ მას ესაჭიროება სტაციონარში მკურნალობა, ეს იმას ნიშნავს, რომ მას ნამდვილად სჭირდება ამ მკურნალობისა თუ რეაბილიტაციის კურსის გაგრძელება. არა მგონია, რომ პოლიტიკოსები ექიმებზე უკეთესად [ერკვეოდნენ]… და არ უნდა ერეოდნენ, წესით და რიგით, არც დიაგნოზებში და არც დიაგნოზების გამოსავალში“, – განაცხადა ზურაბ ჩხაიძემ.


ყოფილი პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას პარტიის წევრები საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ციხეში გადაყვანას ითხოვენ.

სააკაშვილის თქმით, გიორგი გახარიას თანაგუნდელები, რომლებიც მის ციხეში გადაყვანას ითხოვენ, „ადამიანურობისგან დაცლილები“ არიან.

როგორც სააკაშვილი ამბობს, მისი სიმპტომების 80% არსად წასულა და ციხეში გადაყვანის და ყურადღების შეზღუდვის პირობებში, მდგომარეობის მკვეთრი გაუარესების დიდი შანსია.

პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი რუსთავის მე-12 პენიტენციური დაწესებულებიდან თბილისში, კლინიკა „ვივამედში“ 2022 წლის მაისში გადაიყვანეს და მას შემდეგ ამ კლინიკაში იმყოფება.

სახალხო დამცველის მოწვეული სპეციალისტთა ჯგუფის ბოლო შეფასებით, რომელიც 25 ოქტომბერს გამოქვეყნდა, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის კუთხით სახეზეა გარკვეული დადებითი დინამიკა, თუმცა ძირითადი სურათი — კუნთთა ატროფია, ნეიროპათია, კოგნიტიური გაუარესება — კვლავ უცვლელი რჩება. ამიტომ, სპეციალისტთა შეფასებით, ექსპრეზიდენტი მჭიდრო სამედიცინო მეთვალყურეობას საჭიროებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი