კომენტარი

კაცი, რომელსაც პუტინი უსმენს – და შესაძლოა, პრეზიდენტის პოსტიც სურდეს

15 ივლისი, 2022 •
კაცი, რომელსაც პუტინი უსმენს – და შესაძლოა, პრეზიდენტის პოსტიც სურდეს

ავტორი: კატერინ ბოლტონი, „ფაინენშელ თაიმზის“ კორესპონდენტი მოსკოვში 2007-13 წლებში.

სტატია გამოქვეყნდა „ვაშინგტონ პოსტზე“.


უკრაინაში შეჭრამდე პუტინის მიერ მოწვეულ რუსეთის უშიშროების საბჭოს სხდომაზე ისე ჩანდა, რომ ოთახში კრემლის ერთი „ქორი“ [ამერიკულ ინგლისურში – პირი, რომელიც აგრესიულ სამხედრო პოლიტიკას უჭერს მხარს] დომინირებდა.

ნიკოლაი პატრუშევმა, საბჭოს მდივანმა და პუტინის ახლო მოკავშირემ, ჯერ კიდევ სანქტ-პეტერბურგში სუკ-ში მუშაობის დროიდან, პუტინს აცნობა, რომ აღმოსავლეთ უკრაინაში დაძაბული სიტუაციის უკან აშშ იდგა და რუსეთის დანგრევას ცდილობდა. „ჩვენი ამოცანაა დავიცვათ ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი“, – აღნიშნა პატრუშევმა.

აშშ-ში მისი თანამდებობა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მრჩევლის პოსტს უტოლდება. იგი გამოხატავს ცივი ომის ხედვას, რომელიც ამოძრავებს პუტინის ომს. 24 თებერვალს პუტინმა უკრაინაში შეჭრის ბრძანება გასცა და ელიტები გააოცა, პატრუშევი კი, იქიდან მოყოლებული, მილიტარისტული რუსეთის სახე გახდა.

ომის პირველი სამი თვის განმავლობაში პუტინი თითქოს „ფართხალებდა“ – გაბრაზებული იყო, თავს იცავდა და თითქმის არ ჩანდა. ამ დროს პატრუშევი  შეჭრას ამართლებდა და რუსეთის მიზნებს წევდა წინ. რუსულ მედიასთან ინტერვიუების სერიაში მან იწინასწარმეტყველა, რომ ევროპა ვერ გაუძლებდა გლობალურ ლტოლვილთა და სასურსათო კრიზისებს, ხოლო უკრაინა რამდენიმე სახელმწიფოდ დაიშლებოდა. იგი ასევე გამოვიდა რუსეთის საგანმანათლებლო სისტემაში „ისტორიული ტრადიციების“ აღდგენის წინადადებით – „გულწრფელი პატრიოტების“ აღსაზრდელად. მანვე წამოწია „სტრუქტურული პერესტროიკის“ იდეა, რომელიც ითვალისწინებს ახალ, სუვერენულ სისტემას რუბლის გაცვლითი კრიზისის დასადგენად.

უცბად, ორ ათწლეულზე მეტის გასვლის შემდეგ, პატრუშევი კულისების უკან მოქმედ ძალად მოგვევლინა, რამაც ხაზი გაუსვა მისი, როგორც მამოძრავებელი ძალის როლს კრემლში. ამან კითხვაც კი გააჩინა, ხომ არ სურს მას პუტინის ნაცვლად ჩაუდგეს სათავეში ქვეყანას, უკანასკნელის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით არსებული სპეკულაციების და კიევიდან უკან დახევის ფონზე.

კრემლის პრეს-სპიკერმა დიმიტრი პერსკოვმა უთხრა „ვაშინგტონ პოსტს“, რომ პატრუშევის როლის ცვლილება „გამოგონილია“ და აღნიშნა, რომ ყოველთვის იყო აქტიური იმ არაერთ სფეროში, რომელიც მას ეხებოდა.

„რა თქმა უნდა, პრეზიდენტი პრეზიდენტია და სპეციალური სამხედრო ოპერაციის პირობებში იგი უმაღლესი მთავარსარდლის როლს ასრულებს“, – ხაზი გაუსვა პესკოვმა.

უშიშროების საბჭოს მდივანმა, ევგენი ანოშინმაც უარყო, რომ პატრუშევს უფრო დიდი როლი აქვს.

ბოლო ერთ თვეში პუტინმა ადრინდელი ამპარტავნობის ნაწილი დაიბრუნა – სამხედრო კამპანიის ფოკუსად აქცია დონბასის დაპრყობა და უკრაინასთან გამოფიტვა, დასავლეთთან კი- ეკონომიკური ომი. წინა კვირას პუტინმა უთხრა კანონმდებლებს, რომ რუსეთს ომი „არც კი დაუწყია“ და განაცხადა, რომ მისი სამხედრო კამპანია არის „ამერიკის მიერ დომინირებული მსოფლიო წესრიგის კარდინალური რღვევის დაწყება“.

პუტინმა რამდენიმე სიტყვა წარმოთქვა და ფორმაშიც დაბრუნდა, მაგრამ კვლავ არსებობს კითხვები მისი ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით. ამასობაში პატრუშევი ძალებს იკრებს. კრემლი უარყოფს, რომ პუტინს ჯანმრთელობის რაიმე პრობლემა აქვს. რუსეთის პრეზიდენტს, – რომელსაც წელს 70 შეუსრულდება და პატრუშევზე ერთი წლით პატარაა, – ახალი წლის შემდეგ არ უთამაშია ჰოკეი, სპორტის საყვარელი სახეობა. პირველად ათი წლის განმავლობაში, პუტინმა არ ითამაშა რუსეთის ჰოკეის ლიგის ყოველწლიურ გალა-შეხვედრაში.

ომის დაწყების შემდეგ პუტინი საზღვარგარეთ მხოლოდ ერთხელ იყო. ივნისში ჯერ ტაჯიკეთს, შემდეგ კი თურქმენეთს ეწვია.  მას საეჭვოდ ეჭირა დისტანცია კოლეგებისგან, უზარმაზარ მრგვალ მაგიდაზე.

შედარებისთვის, პატრუშევი ყოფილ საბჭოთა კავშირში დაქრის. ახლახან იყო ერევანში, „კოლექტიური უსაფრთხოების შეთანხმების ორგანიზაციის“ სამიტზე. იქ მან აშშ გააკრიტიკა „ნატოს უაზრო ექსპანსიისთვის“ და განაცხადა, რომ ვაშინგტონს სურს ევრაზიის ინტეგრაციის შეჩერება და  უკრაინის მსგავსად, რეგიონის ქვეყნების „თოჯინად, კოლონიად ქცევა“.

პატრუშევი ასევე იცავდა რუსეთის ექსკლავს, კალინინგრადს. ლიტუვის მიერ რეგიონში ტრანზიტის აკრძალვის საპასუხოდ პატრუშევმა გაახმიანა. „სერიოზული“ ზომების მიღების მუქარა. ივლისში რუსეთის შორ აღმოსავლეთში გამართულ უსაფრთხოების სამიტზე შეეხო ენერგეტიკულ უსაფრთხოებასაც და მოწოდებით გამოვიდა – შემცირდეს „რუსეთის ენერგეტიკული სექტორისთვის მნიშვნელოვან პროექტებში უცხოეთის მონაწილეობა“ და განაცხადა, რომ რუსეთი თავის მიზანს, ანუ უკრაინის „დემილიტარიზაციას“ მიაღწევს.

პატრუშევის აღზევება ხაზს უსვამს სუკ-ის ყოფილი თანამშრომლების, „მკაცრი ხაზის“ მხარდამჭერების გავლენას. ორ ათწლეულზე მეტია ისინი პუტინის ყურისთვის ლიბერალურ ტექნოკრატებს ებრძოდნენ. როცა პუტინმა ომი დაიწყო, ისე ჩანდა, რომ „პატრუშევის დრო დადგა“, მიიჩნევს ტატიანა სტანოვაია, რუსული პოლიტიკური საკონსულტაციო კომპანიის ხელმძღვანელი. „მისი იდეები თხრის პუტინის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების საძირკველს. იგი ერთ-ერთია იმ ცოტა ადამიანიდან, ვისაც პუტინი უსმენს“.

ანდრეი კოლესნიკოვი, Carnegie Endowment for International Peace-ის უფროსი მკვლევარი ამბობს, რომ პატრუშევის ინტერვიუები და ვიზიტები აჩვენებს, რომ „მას [პატრუშევს] უფლება აქვს, ახსნას პუტინის მოსაზრებები… ამის უფლება ყველას არ აქვს“.

გაუგებარია, საუბრობს თუ არა პუტინის სახელით საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი. „დიპლომატები ხშირად ცდილობენ გამოცნობას. მათ არ იციან, რა სურს პუტინს, პატრუშევმა კი იცის“, – ხსნის კოლესნიკოვი.

მას შემდეგ, რაც პუტინი დაინიშნა სუკ-ის მემკვიდრე უწყების, უშიშროების ფედერალური სამსახურის (ფსბ) დირექტორად, პატრუშევი მის გვერდით მსახურობდა. მარკ გალეოტი, ლონდონის უნივერსიტეტის სლავური და აღმოსავლეთ ევროპის ინსტიტუტის საპატიო პროფესორი, ასე აფასებს პატრუშევს:

„ეშმაკი პუტინის მხარზე“.

პუტინის და პატრუშევის ნაცნობის თქმით, უშიშროების საბჭოს მდივანი ალკოჰოლის მოყვარული „სილოვიკი“ (ძალოვანია), რომლის შეხედულებებიც ცივი ომის სამყაროში ჩამოყალიბდა და საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ოდნავ თუ შეიცვალა, განსაკუთრებით, აშშ-ის მიმართ მტრული განწყობის ნაწილში.

„იგი სუკ-ის თანამშრომელია. ყველაფერს, მათ შორის საკუთარ თავს, ისე უყურებს, თითქოს სსრკ კვლავ არსებობს“.

პატრუშევი პუტინთან ერთად პირველად 1970-იან წლებში, მაშინდელ ლენინგრადში, სუკ-ის კონტრდაზვერვის დეპარტამენტში მუშაობდა. მოსკოვში პუტინზე ორი წლით ადრე გადავიდა და ფსბ-ში მაღალ თანამდებობზე მუშაობდა. როდესაც პუტინი მას „გადაახტა“ და ფსბ-ს დირექტორი გახდა, პატრუშევს შურდა, ამბობს ორივე მათგანის ნაცნობი.

„პუტინი არავინ იყო. იგი იყო ვიცე-პოლკოვნიკი, პატრუშევი კი– გენერალ-პოლკოვნიკი“.

სუკ-ის ყოფილი მაღალჩინოსანი, რომელიც პუტინთან მუშაობდა, ეთანხმება ამ შეფასებას.

„პატრუშევი ასაკით და წოდებით უფროსი იყო. პუტინი დირექტორად [პრეზიდენტ ბორის] ელცინთან სიახლოვის გამო დანიშნეს“.

მოგვიანებით, როცა ელცინმა პუტინი პრემიერ-მინისტრის პოსტზე წარადგინა, პატრუშევი ფსბ-ს დირექტორი გახდა. იქიდან მოყოლებული, პატრუშევი ყველაფერს აკეთებდა, რომ პუტინი ხელისუფლებაში, მისი კონტროლის ქვეშ ყოფილიყო, ამბობს ორივე მათგანთან ერთ დროს ახლოს მყოფი პირი.

დიდი ხანია ისმის კითხვები, ითამაშა თუ არა პატრუშევმა როლი 1999 წელს საცხოვრებელი კორპუსების აფეთქებაში. მათ შედეგად 300 ადამიანზე მეტი დაიღუპა, ბრალდებულებად კი ჩეჩენი ტერორისტები გამოაცხადეს. პუტინის საპასუხო ზომებმა – ახალმა ომმა ჩეჩნეთში იგი უცნობი ბიუროკრატიდან ეროვნული გმირის დონემდე აიყვანა და რამდენიმე თვეში საპრეზიდენტო არჩევნების მოგებაშიც დაეხმარა.

აფეთქების მორიგ მცდელობასთან დაკავშირებით რუსეთის შსს-ს გამოძიება, რომლის კვალი ფსბ-სთან მიდიოდა, პატრუშევმა სწრაფად დახურა და განაცხადა, რომ ეს მცდელობა იყო „წვრთნა“, მცხოვრებლების ყურადღება რომ შეემოწმებინათ. კრემლი უარყოფს, რომ ფსბ-მ რაიმე როლი ითამაშა აფეთქებებში.

ბოლო ორი წლის განმავლობაში, პატრუშევი ერთ-ერთია იმ მცირერიცხოვან პირებს შორის, ვისაც პრეზიდენტთან მუდმივი წვდომა აქვს, რაც განამტკიცებს მის გავლენას პუტინზე.

„პატრუშევს პუტინთან თავისი ურთიერთობა აქვს. იგი მისი ხელმძღვანელი იყო, ასაკითაც უფროსია. პუტინისთვის ასეთი რაღაცები მნიშვნელოვანია“, – ამბობს კავშირების მქონე მოსკოველი ბიზნესმენი.

პატრუშევი იყო ერთ-ერთი მათგანი, ვინც ალბათ იცოდა პუტინის გადაწყვეტილების შესახებ შეჭრის დაწყებამდე, – ამატებს სტანოვაია.  ხუთი თვის შემდეგ ვერც ერთი ან ვერ ხედავს, ან არ უნდა ხედავდეს გამოსავალს.

„პუტინს ომის გაგრძელება სჭირდება. საომარ მდგომარეობაში მას საზოგადოების კონტროლი შეუძლია. მშვიდობის შემთხვევაში, ხალხი დაიწყებს კითხვას, რატომ არის მათი ცხოვრება ასეთი ცუდი“, – მიიჩნევს მოსკოველი ბიზნესმენი.


თარგმანი: ნიკა ბურდული

მასალების გადაბეჭდვის წესი