ახალი ამბები

ავღანეთი ყოველდღიურად “ახალი ვიეტნამი” ხდება ამერიკისთვის

14 სექტემბერი, 2010 • 2578
ავღანეთი ყოველდღიურად “ახალი ვიეტნამი” ხდება  ამერიკისთვის

წყარო:The U.S. Army's photostream
წყარო:The U.S. Army's photostream

ერაყიდან ამერიკის მიერ დათქმულ ვადებში ჯარის გამოყვანამ გააჩინა კითხვა, შეძლებს თუ არა ობამა საკუთარი პირობის შესრულებას ავღანეთთან დაკავშირებით, საიდანაც ამერიკული შენაერთების გამოყვანა 2011 წლის ზაფხულზე უნდა დაიწყოს. მანმადე დიდი დრო არ რჩება, თეთრ სახლს კი უამრავი დაბრკოლება ეღობება წინ ავღანეთის დემოკრატიზაციის პროცესში.

უპირველესი ამოცანა, რომლის გამოც ამერიკული შენაერთები 2001 წელს გამოჩნდნენ ავღანეთის ტერიტორიაზე, იყო ალ-ქაიდა. ამ უკანასკნელისთვის გამანდგურებელი დარტყმის მიყენება და მათი ავღანეთიდან გაძევება მსოფლიოს უძლიერეს სამხედრო მანქანას დიდად არ გასჭირვებია, მაგრამ მოგვიანებით თეთრი სახლის მიზნებმა ფორმაცია განიცადა და მთავარი ამოცანა არა თვით ალ-ქაიდას განადგურება, არამედ ქვეყნის დემოკრატიზაცია, ქვეყნის ხელისუფლებაში მყოფი თალიბანის დამხობა და მათ ადგილას პროამერიკული ხელისუფლების დასმა გახდა. თუკი ამერიკა ამ ამოცანის შესრულებას წარმატებით გაართმევდა თავს, ის ერთდროულად ორი კურდღელს დაიჭერდა: აღკვეთდა ტერორიზმის ქსელის შექმნის სამომავლო მცდელობას ავღანეთში და გეოპოლიტიკურად მისთვის მნიშვნელოვან რეგიონში შეიძენდა კიდევ ერთ მოკავშირეს. უნდა აღინიშნოს, რომ ეს ამოცანა არ აღმოჩნდა იოლი შესასრულებელი, თუკი ტერორისტული ქსელის განადგურება ამერიკის სამხედრო და სადაზვერვო სამსახურებმა საკმაოდ სწრაფად შეძლეს და მთავრობის შეცვლაც არ გასჭირვებიათ, აი, უკვე ხელისუფლებიდან პარტიზანულ ბრძოლაზე გადასული თალიბანის განადგურებას უკვე დიდი ხანია წარუმატებლად ცდილობენ.

2009 წელს წარუმატებლობის ორ ძირითად მიზეზად საერთაშორისო უსაფრთხოების მხარდამჭერი ძალების მეთაურმა სტენლი მაკკრისტალმა არასწორად შერჩეული სტრატეგია და ძალების სიმცირე დაასახელა. მის განცხადებას მოკავშირეთა შენაერთების  სწრაფი მატება მოჰყვა თან და მათი რიცხვი 150 ათასამდე გაიზარდა, თუმცა ამას სიტუაცია დიდად არ გაუუმჯობესებია, რასაც მაკკრისტალის დევიდ პეტრეუსით შეცვლა მოჰყვა 2010 წლის ივლისში. ახალდანიშნული გენერლი კი მძიმე ამოცანა წინაშე დგას, მას სულ რაღაც ერთი წელიწადი აქვს ურთულესი მისიის შესასრულებლად.

ამჟამად თეთრი სახლის წინაშე ორი მთავარი ამოცანა დგას – მათ უნდა მოახერხონ თალიბანის განადგურება, ან, უკიდურეს შემთხვევაში, მათი მოლაპარაკების მაგიდასთან დასმა. ამერიკელებმა  2001 წელსვე შეძლეს თალიბანის ხელისუფლებიდან ჩამოცილება, რაც უმეტესობამ თალიბანის განადგურებად ჩათვალა, თუმცა საქმე ცოტა სხვაგვარად არის. თალიბანის ლიდერებმა, რომლებსაც ბრძოლის დიდი გამოცდილება ჰქონდათ სსრკ-ავღანეთისა და სამოქალაქო ომის დროს, თავი აარიდეს ამერიკელებთან პირდაპირ შეჯახებას და ამერიკულ არმიას ბრძოლის საკუთარი მეთოდები შესთავაზეს, ანუ პარტიზანული ომი, რაშიც მათ მსოფლიოში ბადალი არ მოეპოვებათ.

 ამერიკილებთან ბრძოლაში თალიბანს რამდენიმე უპირატესობა ჰქონდა, რასაც დღესაც წარმატებით იყენებს. 1. თალიბებს დასაყრდენი აქვთ ავღანეთის პუშტუნ მოსახლეობაში, რომელიც ქვეყანაში უდიდეს ეთნიკურ ჯგუფს წარმოადგენს. განსაკუთრებული მხარდაჭერა მათ ჰელმანდისა და კანდაჰარის პროვინციებში გააჩნიათ, ეს ორი რეგიონი თალიბების ციხესიმაგრეებად ითვლება და ამერიკელებს დიდ თავსატეხს უჩენს. 2. თალიბანის მებრძოლები არიან ავღანეთის სახელმწიფო სამხედრო შენაერთების ყოფილი წარმომადგენლები და კარგად იცნობენ ქვეყნის ტერიტორიას, ასევე ამ ტერიტორიაზე ბრძოლის წარმოების უკვე კარგად გამოცდილ მეთოდებს, რაც ახლანდელი ხელისუფლების მიერ შეკრებილ მოყვარულ მებრძოლებთან და ამერიკულ შენაერთებთან ბრძოლაში მათ დიდ უპირატესობას ანიჭებს. გარდა ამისა, თალიბები მშვენივრად სარგებლობენ ამერიკის ადმინისტრაციასა და ავღანეთის ხელისუფლებას შორის არსებული წინააღმდეგობებით, რომლებიც, ძირითადად, კორუფციითა და შეუთანხმებელი მოქმედებებითაა გამოწვეული.

რადგან ამერიკა თალიბების დასუსტებას ვერ აახერხებს, მათზე არც ბერკეტები გააჩნია. სამხედრო დიპლომატიაში კარგადაა ცნობილი, რომ, თუკი არ გაქვს უპირატესობა მოწინააღმდეგეზე და ის თავს არ თვლის წაგებულ პოზიციაში, რთულია მისი მოლაპარაკებების მაგიდასთან დასმა, განსაკუთრებით ეს ფაქტი ნახევრად მომთაბარე თალიბებს ეხებათ. ისინი კი თავს დამარცხებულად ნამდვილად არ თვლიან, რადგანაც იბრძვიან არა გამარჯვებისათვის, არამედ გადარჩენისთვის, რაც კარგად გამოსდით. მათ გათავისებული აქვთ, რომ ამერიკულ სამხედრო მანქანას პირდაპირ ბრძოლაში ვერ გაანადგურებენ, მათი სტრატეგია ითვალისწინებს ბრძოლის მაქსიმალურად გაწელვას და ამერიკისთვის ახალი ვიეტნამის მოწყობას. ყოველივე აქედან გამომდინარე, ამერიკის ახალი სტრატეგია გათვლილია არა თალიბანის მთლიანად განადგურებაზე, რისი უტოპიურობაც განვლილმა წლებმა კარგად დაანახა ამერიკას, არამედ თალიბანის იმ დონემდე დასუსტებაზე, რომ ისინი მოლაპარაკების მაგიდასთან მიიყვანოს. აქ კი ამერიკა აწყდება მეორე პრობლემას. ობამას მიერ გაკეთებული განცხადება, რომ ამერიკული შენაერთები მომავალი წლის ივლისში დაიწყებენ ავღანეთის ტერიტორიის დატოვებას, სტიმულს მისცემს თალიბებს, რომ მომდევნო რამდენიმე წელიწადი არჩეულ სტრატეგიას არ უღალატონ, თავი შეიკავონ როგორც მოლაპარაკებებისაგან, ასევე ამერიკულ შენაერთებთან პირდაპირ ფართომასშტაბიან შეტაკებებისაგან. ძალა მოიკრიბონ და ამერიკელების გასვლის შემდეგ ეცადნონ ძალისმიერი მეთოდებით კვლავ ხელისუფლებაში მოსვლას.

მასალების გადაბეჭდვის წესი