ახალი ამბები

FT: ევროკავშირში განიხილავენ უნგრეთისთვის ხმის ჩამორთმევის უფლებას

20 დეკემბერი, 2023 • 1500
FT: ევროკავშირში განიხილავენ უნგრეთისთვის ხმის ჩამორთმევის უფლებას

ევროკავშირის ოფიციალურ პირთა ნაწილი განიხილავს ბლოკის წევრის წინააღმდეგ „ყველაზე დიდი იარაღის“, ანუ ხმის ჩამორთმევის შესაძლებლობის გამოყენებას, წერს „ფაინენშალ თაიმსი“ [FT] წყაროებზე დაყრდნობით.

„ყველაზე დიდი იარაღის“ სამიზნე უნგრეთი უნდა გახდეს, რომელმაც ცოტა ხნის წინ დაბლოკა უკრაინისთვის 50-მილიარდიანი დახმარების გამოყოფა და საკმაოდ ხშირად არ უჭერს მხარს ბრიუსელის შიდა თუ საგარეო პოლიტიკურ კურსს.

ხმის ჩამორთმევის უფლებას ითვალისწინებს ევროკავშირის შეთანხმების მეშვიდე მუხლი, რომლის თანახმადაც ასეთი ზომა შეიძლება იყოს მიღებული, თუ ქვეყანა სერიოზულად და ხშირად არღვევს ევროკავშირის პრინციპებს.

ხმის ჩამორთმევის შესახებ გადაწყვეტილების მიღებას ევროკავშირის ყველა წევრის (გარდა იმისა, რომელსაც ხმას ართმევენ) თანხმობა სჭირდება და სულ ცოტა ხნის წინ მისი მიღება, ფაქტობრივად, შეუძლებელი იყო, ვინაიდან ასეთ ზომას არ დაუჭერდა მხარს პოლონეთის მთავრობა, რომელსაც თავადაც ჰქონდა კონფლიქტები ბრიუსელთან.

ამავე დროს, უნგრეთის წინააღმდეგ ასეთი ზომის გამოყენებას მოწინააღმდეგეებიც ჰყავს, რომლებსაც ურჩევნიათ,  უკრაინის მხარდაჭერის დაბლოკვის შემდეგ ორბანს აუხსნან უნგრეთის იზოლაციის „სრული ფასი“.


ვიქტორ ორბანი 2010 წლიდანაა უნგრეთის პრემიერ-მინისტრი. კრიტიკოსები მიიჩნევენ, რომ მისი მმართველობის დროს უნგრეთში დემოკრატიული უკუსვლა მოხდა. იგი არ უჭერს მხარს რუსეთისთვის სანქციების დაწესებას და მიიჩნევს, რომ უკრაინას მოსკოვთან ომის მოგების საშუალება არ აქვს. ამასთან ერთად, იგი კრიტიკულად უყურებს უკრაინის ამჟამინდელ ხელისუფლებასაც.

ორბანი იმითაც იმუქრებოდა, რომ ევროკავშირის 14-15 დეკემბრის სამიტზე უკრაინასთან წევრობაზე მოლაპარაკების დაწყებასაც დაბლოკავდა, თუმცა საბოლოოდ ასე არ მოიქცა. ამას წინ უძღოდა ევროკავშირის მიერ უნგრეთისთვის ათმილიარდიანი დახმარების განბლოკვა. კიდევ ორი, დაახლოებით ათ-ათ-მილიარდი დახმარების პაკეტები, ბრიუსელს კვლავაც დაბლოკილი აქვს.

მასალების გადაბეჭდვის წესი