ახალი ამბები

სააკაშვილი ოპოზიციას „პოლიტიკური აქტივობის და ერთობის კომიტეტის“ შექმნას სთავაზობს

20 დეკემბერი, 2023 • 834
სააკაშვილი ოპოზიციას „პოლიტიკური აქტივობის და ერთობის კომიტეტის“ შექმნას სთავაზობს

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ოპოზიციას პოლიტიკური ატქივობებისა და ერთობის კომიტეტის შექმნას სთავაზობს. მისი თქმით, ეს სტრუქტურა უნდა იყოს „იდეების გენერირების ადგილი და პოლიტიკური სათათბირო“.

დღეს, 20 დეკემბერს, თავის სასამართლო პროცესზე საუბრისას, სააკაშვილმა განაცხადა, რომ საჭიროა „ოპოზიციის სრული კოორდინაცია… ამის გარეშე საქმე არ კეთდება“.

„მინდა შემოგთავაზოთ ენმ-სთან ერთად პოლიტიკური აქტივობების და ერთობის კომიტეტის შექმნა, როგორც აშშ-ში. [კომიტეტში] უნდა შევიდნენ ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე, ფრაქციის თავმჯდომარე, პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე… ასევე, საზოგადოებისთვის ცნობილი პირები, რომლებიც არაა აუცილებელი, ენმ-ის წევრები იყვნე,ნ და სოფო ჯაფარიძე, რომელიც იქნება ჩემი წარმომადგენელი“, – ამბობს სააკაშვილი.

მისივე თქმით, ეს კომიტეტი უნდა იყოს სათათბირო, რომელშიც ოპოზიცია სტრატეგიას შეიმუშავებს და სხვა საკითხებს განიხილავს, „სუპერ პაკი“.

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ ესაა „ჩვენი საერთო ინიციატივა იმ კონკრეტული ადამიანებისთვის, ვისაც არ სურს პოლიტიკური პარტიის წევრობა“.

„სუპერ პაკი“, რომელზეც სააკაშვილი საუბრობს, არის პოლიტიკური აქტივობის/მოქმედების კომიტეტი [Super PAC]. ასეთი სტრუქტურები აშშ-ში მოქმედებს. ისინი, როგორც წესი, არ არიან პირდაპირ კავშირში რომელიმე კანდიდატთან, თუმცა ფულს ურიცხავენ მის კამპანიას ან/და მის მხარდასაჭერ რეკლამებს უკვეთავენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი