ახალი ამბები

კირბი: თუ კონგრესი არ იმოქმედებს, დეკემბერში უკრაინის დასახმარებელი რესურსი ამოგვეწურება

19 დეკემბერი, 2023 • 1300
კირბი: თუ კონგრესი არ იმოქმედებს, დეკემბერში უკრაინის დასახმარებელი რესურსი ამოგვეწურება

2023-ის დეკემბერში აშშ-ს ამოეწურება უკრაინის დასახმარებელი რესურსი, თუკი კონგრესი დამატებით სახსრებს არ გამოყოფს, განაცხადა ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს პრესსპიკერმა ჯონ კირბიმ.

მედიასთან საუბრისას კირბიმ აღნიშნა, რომ ბაიდენის ადმინისტრაცია გეგმავს, ამ თვეში უკრაინას კიდევ ერთი დახმარების პაკეტი გამოუყოს, თუმცა ამის შემდეგ კიევის დახმარების რესურსი ამოწურული იქნება.

„როცა ამ დახმარებას გამოვყოფთ, [თანხა აღარ იქნება]. გვჭირდება, რომ კონგრესმა დაგვიანების გარეშე იმოქმედოს [და გამოყოს თანხა]“, – ციტირებს მას „პოლიტიკო“.

პრეზიდენტმა ბაიდენმა კონგრესს დაახლოებით 60 მილიარდის გამოყოფა სთხოვა უკრაინის დასახმარებლად. თუმცა, შიდაპოლიტიკური უთანხმოებების გამო, კონგრესის ორივე პალატაში  შეთანხმება ვერ ხერხდება. მთავარი მოწინააღმდეგეები რესპუბლიკელები არიან, რომლებიც ითხოვენ აშშ-მექსიკის საზღვრის უსაფრთხოებასა და არალეგალური მიგრანტების შესვლის პრევენციაზე მეტი თანხის დახარჯვას. სენატორ ლინდზი გრემის თქმით, სენატში „ახლოსაც კი არ არიან“ რამე კომპრომისთან.

უკრაინისთვის დახმარების გამოყოფას ამ ეტაპზე ვერც ევროკავშირი ახერხებს, უნგრეთის ოპოზიციის გამო.

პარტნიორების ეკონომიკური და სამხედრო დახმარება მეტად მნიშვნელოვანია უკრაინის სამხედრო და ეკონომიკური პოტენციალისთვის.

მასალების გადაბეჭდვის წესი