ახალი ამბები

„2012-თან შედარებით…“ – ღარიბაშვილმა მთავრობის ანგარიში წარადგინა

18 დეკემბერი, 2023 • 724
„2012-თან შედარებით…“ – ღარიბაშვილმა მთავრობის ანგარიში წარადგინა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 2023 წლის მთავრობის ანგარიშით წარდგა.

გამოსვლის დიდი ნაწილი პრემიერმა დაუთმო შედარებებს. მან დღევანდელი მაჩვენებლები 2012 წლის სტატისტიკას შეადარა, ანუ „ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლების“ მმართველობის პერიოდს.

ღარიბაშვილმა ჩამოთვალა არაერთი სფერო, სადაც „ოცნების“ ხელისუფლების პირობებში ზრდა დაფიქსირდა. გამოსვლაში პრემიერმა ისაუბრა დევნილთა ბიუჯეტის „გაათმაგებაზე“, ელექტროსადგურების მშენებლობაზე, მასწავლებლის ხელფასის 2,7-ჯერ ზრდაზე, დაცული ტერიტორიების ფართობის ზრდაზე, სკოლების რეაბილიტაცია-აშენებაზე, ინტერნეტისა და გაზის მქონე აბონენტების რაოდენობაზე და ასევე, ღვინის ექსპორტისა და წარმოების ზრდაზე.

მან აგრეთვე ყურადღება გაამახვილა მოქალაქეთა ეკონომიკურ მდგომარეობაზე. კერძოდ, პრემიერის მტკიცებით, ბოლო 11 წლის განმავლობაში „სიღარიბე ფაქტობრივად განახევრდა“ და „ნახევარ მილიონზე მეტმა ადამიანმა დააღწია თავი სიღარიბეს“.

მანვე განაცხადა, რომ სახელმწიფო ბიუჯეტი „თითქმის გასამმაგდა“ ბოლო 11 წელიწადში. მთავრობის ფეისბუქ-გვერდზე კი ვკითხულობთ, რომ ამავე პერიოდში ასევე გასამმაგდა საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტი.

თუმცა, როგორც ეკონომისტი ბესო ნამჩავაძე წერს, მშპ-ის დონის ზრდის ნომინალურად შედარება არაა მართებული.

„მოიტყუა პრემიერმა, ბოლო 11 წელში ეკონომიკა 3-ჯერ გაიზარდაო. გაიზარდა, ოღონდ 1.6-ჯერ. დაახლოებით 2-ჯერ მეტი რიცხვი თქვა, ვიდრე რეალურად არის. [..] 2023 წლის ნომინალური ეკონომიკა შეადარა 2012 წლის ეკონომიკას და არ გაითვალისწინა ის, რომ ნომინალურ ეკონომიკას ინფლაციაც ზრდის. ანუ უარყოფითი მოვლენა (ინფლაცია) დადებითში ჩაითვალა. 1993 წელს საქართველოს ეკონომიკა თუ იყო 1 მილიარდი კუპონი და ჰიპერინფლაციის გამო ერთ წელში 1 ტრილიონი გახდა, ღარიბაშვილის “ლოგიკით“ გამოდის, რომ ეკონომიკა 1000-ჯერ გაზრდილა “, – ხსნის იგი.

მასალების გადაბეჭდვის წესი