ახალი ამბები

„არ არის სავალდებულო, ასოცირებული ტრიო სინქრონულად მიდიოდეს“ – გოგოლაშვილი

18 დეკემბერი, 2023 • 904
„არ არის სავალდებულო, ასოცირებული ტრიო სინქრონულად მიდიოდეს“ – გოგოლაშვილი

საქართველოს ჩამორჩენა ასოცირებული ტრიოს სხვა წევრებთან, მოლდოვასთან და უკრაინასთან შედარებით, როგორც ასეთი, არცთუ ისე დიდი პრობლემაა, მიიჩნევს კახა გოგოლაშვილი, რონდელის ფონდის ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორი.

მისი თქმით, ტრიო არ ატარებს ინსტიტუციურ ხასიათს და არ ფუნქციონირებს რამე ფორმალურ ჩარჩოში. ამასთან ერთად, ანალიტიკოსი აღნიშნავს, რომ ევროკავშირს კონკრეტულად ტრიოსადმი ვალდებულებები არ გააჩნია.

„ტრიო, როგორც ასეთი, ევროკავშირის დაფუძნებული არაა და არც ევროკავშირის მხრიდან ინსტიტუციონალიზაციის მცდელობაა. ისინი ტრიოს უყურებენ, როგორც ჩვენი სამი ქვეყნის ინიციატივას თანამშრომლობაზე. [..] ტრიო შეიძლება გამოიყენონ ტერმინი, რომ მოკლედ მოიხსენიონ ეს სამი ქვეყანა [საქართველო, უკრაინა, მოლდოვა].

სინამდვილეში, ამ ტრიოს გარშემო ვალდებულებები ევროკავშირს არ აქვს. მინდა ხაზი გავუსვა, არ არის სავალდებულო ხედვა, რომ ტრიო უნდა მიდიოდეს სინქრონულად.  ძალიან ნუ შეგვეშინდება, ვიღაცამ რომ გაგვასწროს. მთავარია, ეს სამი ქვეყანა ზის ევროკავშირის გეგმებში“, – განაცხადა მან „საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტისა“ და „ღია საზოგადოების ფონდის“ მიერ ორგანიზებულ შეხვედრაზე.


„ასოცირებული ტრიო“ ფორმალურად 2021-ში, სამი ქვეყნის საგარეო უწყებების ხელმძღვანელების მიერ გაფორმებული მემორანდუმით შეიქმნა. მისი ფორმატის ფარგლებში ქვეყნები თანხმდებიან თანამშრომლობაზე ევროინტეგრაციისთვის როგორც ერთმანეთთან, ასევე ევროკავშირთან.

გარეკანის ფოტო: © Sova 

მასალების გადაბეჭდვის წესი