ახალი ამბები

ისრაელი აცხადებს, რომ ღაზაში შეცდომით მოკლეს 3 ისრაელელი ტყვე

15 დეკემბერი, 2023 • 2016
ისრაელი აცხადებს, რომ ღაზაში შეცდომით მოკლეს 3 ისრაელელი ტყვე

ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, მისმა სამხედროებმა ღაზის სექტორში მიმდინარე სამხედრო მოქმედებებისას შეცდომით მოკლეს 3 ადამიანი, რომლებიც ჰამასმა 7 ოქტომბერს ისრაელის ტერიტორიიდან გაიტაცა.

„ეს არის ადგილი, სადაც ჯარისკაცები არაერთ ტერორისტს გადაეყარნენ, მათ შორის, თვითმკვლელებს“, — განაცხადა დენიელ ჰაგარმა, ისრაელის თავდაცვის ძალების სპიკერმა.

მისი თქმით, სავარაუდოა, რომ აღნიშნულმა პირებმა ან ჰამასის ტყვეობიდან გაქცევა მოახერხეს, ან თავად ტერორისტებმა მიატოვეს საბრძოლო მოქმედებებისას.

როგორც ჰაგარმა ბრიფინგზე განაცხადა, ისრაელის არმიამ „მწარე გაკვეთილი“ მიიღო და აღნიშნულ შემთხვევას აუცილებლად გაითვალისწინებენ. მან დაასახელა ორი მოკლული — იოთამ ჰაიმი და სამარ ტალალკა. მესამე მოკლულის ვინაობას, ოჯახის თხოვნით, ჯერ არ ასახელებენ.

როგორც ისრაელური მედიასაშუალებები წერენ, ისრაელელ სამხედროებს ეჭვები მოკლულთა ვინაობასთან დაკავშირებით მალევე გაუჩნდათ და მათი ცხედრები იდენტიფიცირების მიზნით ისრაელის ტერიტორიაზე გადაასვენეს ექსპერტიზისთვის, სადაც საბოლოოდ დადასტურდა, რომ ისინი ისრაელელები იყვნენ. მოკლულ ტყვეთა შორის ერთი ეთნიკურად არაბი ბედუინი იყო.

„ეს ძალიან სამწუხარო და ტრაგიკულია თითოეული ჩვენგანისთვის. ისრაელის თავდაცვის ძალები სრულ პასუხისმგებლობას იღებს მომხდარზე“, — განაცხადა დენიელ ჰაგარმა.


რა ხდება

ისრაელმა „ჰამასს“ ომი 7 ოქტომბერს, მას შემდეგ გამოუცხადა, რაც ტერორისტული ორგანიზაცია ისრაელის ტერიტორიაზე ღაზის სექტორიდან შეიჭრა და განურჩევლად დახოცა 1200-ზე მეტი ადამიანი, მათი უმრავლესობა მშვიდობიანი მოქალაქე, რომელთა შორის არიან ბავშვები, მოხუცები, ქალები და შშმ პირები.

გარდა ამისა, 200-ზე მეტი ადამიანი ღაზის მიმართულებით გაიტაცეს. ისრაელი ამბობს, რომ მოკლულთა დიდ ნაწილს წამების კვალი ეტყობა.ისრაელმა ღაზის სექტორის, ფაქტობრივად, შეუჩერებელი დაბომბვა და მოგვიანებით კი სახმელეთო ოპერაცია დაიწყო.

„ჰამასის“ მართული ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ისრაელის დაბომბვებს თითქმის 18 ათასზე მეტი ადამიანი ადამიანი ემსხვერპლა, რომელთაგან 6 ათასზე მეტი ბავშვია. საერთაშორისო უფლებადაცვითი ორგანიზაციები, ასევე გაერო და მისი სააგენტოები ღაზის სექტორში არსებულ ვითარებას „კატასტროფულს“ უწოდებენ და ითხოვენ ცეცხლის შეწყვეტას, ასევე სრული ბლოკადის მოხსნას და იქ საკვებისა და საწვავის შეტანას.

ისრაელმა და „ჰამასმა“ ნოემბრის ბოლოს ცეცხლის შეწყვეტის დროებითი ზავის შესახებ განაცხადეს, რა დროსაც „ჰამასმა“ 7 ოქტომბერს გატაცებული 84 ისრაელელი და სხვა ქვეყნების 24 მოქალაქე გაათავისუფლა. სანაცვლოდ ისრაელმა „ღაზაში“ ჰუმანიტარული ტვირთი შეუშვა, ხოლო ციხიდან 240 პალესტინელი გაათავისუფლა. შეთანხმებამ მხოლოდ 7 დღეს გასტანა, რის შემდეგაც საბრძოლო მოქმედებები სრულად განახლდა.

მთავარ ფოტოზე: მოკლული ტყვეები/Times of Israel

მასალების გადაბეჭდვის წესი