ახალი ამბები

„აშშ მიესალმება ამ გადაწყვეტილებას“ – სალივანი საქართველოსთვის სტატუსის მინიჭებაზე

15 დეკემბერი, 2023 • 758
„აშშ მიესალმება ამ გადაწყვეტილებას“ – სალივანი საქართველოსთვის სტატუსის მინიჭებაზე

ვაშინგტონი მიესალმება ევროკავშირის გადაწყვეტილებას საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე, ვკითხულობთ ჯეიკ სალივანის განცხადებაში. იგი აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის მრჩეველია ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში.

„მივესალმებით ევროკავშირის ისტორიულ გადაწყვეტილებას, დაიწყოს გაწევრიანებაზე მოლაპარაკებები უკრაინასთან და მოლდოვასთან. ეს მეტად მნიშვნელოვანი ნაბიჯია მათი ევროატლანტიკური მისწრაფებების შესრულებისკენ. ასევე მივესალმებით მნიშვნელოვან პროგრესს საქართველოსთვის და მხარს ვუჭერთ დასავლეთ ბალკანეთის მისწრაფებებს“, – წერს იგი X-ზე.

სალივანი იყო ერთ-ერთი იმ პირთაგან, ვისაც პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა მადლობა გადაუხადა ნოემბერში, როცა ევროკომისიამ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაცია გასცა.

14 დეკემბერს ევროპულმა საბჭომ საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიანიჭა. გარდა ამისა, გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები გაიხსნა უკრაინასა და მოლდოვისთვის. აღსანიშნავია, რომ ევროპულმა საბჭომ უკრაინასთან მოლაპარაკებების გახსნის გადაწყვეტილება უნგრეთის გარეშე მიიღო. ევროკავშირის მაღალჩინოსანი ანონიმურობის პრინციპით აცხადებს, რომ ორბანმა კენჭისყრის დროს სხდომა დატოვა.

ამავე თემაზე:

მასალების გადაბეჭდვის წესი