ახალი ამბები

ტუსკის თქმით, უკრაინის დასახმარებლად დასავლეთის სრულ მობილიზაციას მოითხოვს

12 დეკემბერი, 2023 • 1188
ტუსკის თქმით, უკრაინის დასახმარებლად დასავლეთის სრულ მობილიზაციას მოითხოვს

პოლონეთის ახალი პრემიერ-მინისტრის, დონალდ ტუსკის განცხადებით, მისი მთავრობა უკრაინის დასახმარებლად დასავლეთის სრულ მობილიზაციას მოითხოვს.

ამის შესახებ დონალდ ტუსკმა დღეს, 12 დეკემბერს, პოლონეთის სეიმში გამოსვლისას განაცხადა, სადაც სამოქმედო პროგრამა და ახალი მთავრობის შემადგენლობა წარადგინა.

„მე არ შემიძლია იმ პოლიტიკოსების მოსმენა, რომლებიც საუბრობენ იმაზე, რომ დაიღალნენ უკრაინაში შექმნილი სიტუაციით. ისინი ეუბნებიან პრეზიდენტ ზელენსკის, რომ დაიღალნენ“, – თქვა ტუსკმა და დასძინა, რომ უკრაინაზე თავდასხმა არის „შეტევა ყველა ჩვენგანზე“.

„უნდა გვახსოვდეს, რატომ მიმდინარეობს ომი, რომ უკრაინელები იბრძვიან ძალიან მნიშვნელოვანისთვის, რომ მათი ბრძოლა დაიწყო მაიდანზე, ისინი იბრძვიან იმისთვის, რომ დასავლური სამყაროს საზოგადოებას შეუერთდნენ. მათ სურთ, რომ უკრაინა იყოს დემოკრატიული, სამართლებრივი სახელმწიფო, როგორც დასავლური ქვეყნები. ისინი ახლა ამისთვის იბრძვიან“, – განაცხადა ტუსკმა.

ამასთან, დონალდ ტუსკმა აღნიშნა, რომ რამდენიმე საათში ბრიუსელში მიემგზავრება, რათა დაარწმუნოს მოკავშირეები, დაიცვან დემოკრატიული ღირებულებები და უკრაინა რუსული აგრესიისგან.

„მხოლოდ ერთიან დასავლეთს შეუძლია დაეხმაროს უკრაინას დემოკრატიული ღირებულებებისთვის ბრძოლაში გამარჯვებაში“, – განაცხადა ტუსკმა.

გარდა უკრაინისა, დონალდ ტუსკმა თავის სიტყვაში ქსენოფობიის წინააღმდეგაც ისაუბრა და განაცხადა, რომ წინა ხელისუფლების მიერ საჯარო დებატებში შემოტანილ ქსენოფობიას აპროტესტებს.

ტუსკმა ასევე ისაუბრა მიგრაციის საკითხზე და აღნიშნა, რომ აპროტესტებს „ხელისუფლების მტრულ დამოკიდებულებას იმიგრანტების მიმართ“.

„ბევრ საკითხზე გვექნება განსხვავებული შეხედულებები, მაგრამ გვინდა ვიყოთ საზოგადოება და მომავალი ხელისუფლების მუშაობა ამაზე იქნება ორიენტირებული.

ჩვენ ძალიან განსხვავებულები ვართ, სხვადასხვა ტრადიცია გვაქვს. ეს არის ჩვენი სიმდიდრე. საზოგადოება აგებულია კანონის უზენაესობასა და კონსტიტუციაზე და ამაზე არ უნდა ვიკამათოთ მხოლოდ იმისთვის, რომ სხვა თემებზე უსაფრთხოდ ვიკამათოთ“, – განაცხადა დონალდ ტუსკმა.


პოლონეთის პარლამენტმა 11 დეკემბერს პრემიერ-მინისტრის პოსტზე მხარი დაუჭირა დონალდ ტუსკის კანდიდატურას.  მანამდე ამ თანამდებობას მათეუშ მორავეცკი იკავებდა, რომლის პარტიამ ოქტომბრის არჩევნების შემდეგ ვეღარ შეძლო უმრავლესობის დაკომპლექტება.  მართალია, ოქტომბრის არჩევნებზე მორავეცკის  კანონისა და სამართლიანობის პარტიამ ყველაზე მეტი, 36% მოიპოვა, თუმცა სხვა პარტიებმა უარი განაცხადეს მანამდე მმართველ პარტიასთან კოალიციაზე და ტუსკის ირგვლივ გაერთიანდნენ.

დონალდ ტუსკი, რომელმაც ოქტომბრის არჩევნების შემდეგ კოალიცია შექმნა პოლონეთის “მესამე ძალასა” და მემარცხენეებთან, მანამდეც იკავებდა ამ თანამდებობას. ის იყო პოლონეთის პრემიერ-მინისტრი 2007-2014 წლებში, შემდეგ კი, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი