ახალი ამბები

ენმ კუკიის სასაფლაოზე სახალხო გვარდიის მემორიალის დადგმას ითხოვს

12 დეკემბერი, 2023 • 594
ენმ კუკიის სასაფლაოზე სახალხო გვარდიის მემორიალის დადგმას ითხოვს

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ სახალხო გვარდიის მემორიალის დადგმას ითხოვს. პარტიის პრესსამსახურის ცნობით, პოლიტსაბჭოს წევრებმა გია ჭანტურიამ და ეკა წამალაშვილმა, პარტიის ახალგაზრდულ ორგანიზაციასთან ერთად, თბილისის საკრებულოს ინიციატივით მიმართეს.

12 დეკემბერს აღინიშნება “სახალხო გვარდიის” დღე და ამასთან დაკავშირებით ისინი კუკიის სასაფლაოზე ითხოვენ მემორიალს დადგმას, რომელიც რუსეთთან ომში დაღუპული გვარდიელების ხსოვნისადმი იქნება მიძღვნილი.

“სამწუხარო ფაქტი არის ის, რომ საქართველოს დღევანდელობაში საერთოდ დავიწყებული არის 1921 წლის მოვლენები, დავიწყებული არის პირველი რესპუბლიკა. დღეს არის 12 დეკემბერი, ქართული გვარდიის დღე. ეს დღე აღინიშნებოდა უკვე ოკუპირებულ საქართველოშიც კი, სტუდენტობა ამოდიოდა და მიუხედავად წინააღმდეგობისა და დარბევისა, ისინი აღნიშნავდნენ ამ დღეს. ძალიან სიმბოლურია, რომ ახალგაზრდებთან ერთად ეს ტრადიცია გრძელდება. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საკრებულოს ფრაქციას ვთხოვეთ, რომ დაეყენებინათ ეს საკითხი, რომ აქ დაკრძალულები არიან ქართველი გვარდიელები, 18-19-20-21 წლის გმირები, რომელთა საფლავებიც, ფაქტობრივად, აღარ არსებობს და მათი მოძიება ძალიან რთულია, თუმცა შესაძლებელია მათი ხსოვნისადმი მიძღვნილი მემორიალის გაკეთება. ხალხი უნდა იცნობდეს თავის გმირებს. ქვეყანა, რომელიც არ იცნობს თავის წარსულს და გმირებს, ის ახალ გმირებს ვერ შობს“,- განაცხადა გია ჭანტურიამ

“1921 წლის 12 დეკემბერს, 12:00 საათზე, მოულოდნელად მთელ თბილისში სკოლებში უფროსმა კლასელებმა შეწყვიტეს სწავლა, უნივერსიტეტის აუდიტორიები დატოვეს სტუდენტებმა და ძალიან ბევრი ახალგაზრდა ამოვიდა ამ ადგილას ყვავილებით ხელში, რათა პატივი მიეგოთ გმირი სახალხო გვარდიელების ხსოვნისთვის, დაიფიცეს მათ საფლავზე, რომ ისინი გააგრძელებდნენ მათ ბრძოლას. სამწუხაროდ, ბევრი მათგანი შემდეგ გადაასახლეს, დახვრიტეს, მათ ოჯახებს გადაუარა რეპრესიებმა, ეს იყო გაუხარელი თაობა, რომელიც ვეღარ მოესწრო საქართველოს დამოუკიდებლობას და დღეს ჩვენ, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ უყრის ტრადიციას საფუძველს, რომ დამოუკიდებელ საქართველოში გვახსოვდეს 12 დეკემბერი – სახალხო გვარდიის დღე, და მივაგოთ მათ ხსოვნას პატივი“, – განაცხადა ეკა წამალაშვილმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი