ახალი ამბები

EU-ს გზაზე უკრაინის დაბლოკვამ შესაძლოა, საქართველოს წინსვლაც შეაფერხოს-იოზვიაკი

11 დეკემბერი, 2023 • 1094
EU-ს გზაზე უკრაინის დაბლოკვამ შესაძლოა, საქართველოს წინსვლაც შეაფერხოს-იოზვიაკი

„რადიო თავისუფლების“ ევროპის ბიუროს რედაქტორის, რიკარდ იოზვიაკის ცნობით, იმ შემთხვევაში, თუ ევროკავშირი უკრაინასთან გაწევრიანების მოლაპარაკებებს არ დაიწყებს, მაშინ სიტუაცია დანარჩენი ქვეყნებისთვისაც გართულდება, რომლებიც გაფართოების პაკეტში არიან.

14-15 დეკემბერს ევროპული საბჭოს სამიტზე ევროკავშირის ლიდერები გაფართოების პოლიტიკას განიხილავენ. 27 ქვეყნის ლიდერმა გადაწყვეტილება უნდა მიიღოს უკრაინისა და მოლდოვისთვის გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყების შესახებ, ასევე, საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე.  გარდა ამისა, ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებას ელოდება ბოსნია და ჰერცოგოვინაც. ამისათვის კი 27-ვე ქვეყნის თანხმობაა საჭირო.

თუმცა ამ დროისთვის უკრაინასთან ევროკავშირის მოლაპარაკებების დაწყებას ღიად ეწინააღმდეგება უნგრეთი. უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანის განცხადებით, „უკრაინა ახლა ევროკავშირისგან ძალიან შორსაა“.

როგორც რიკარდ იოზვიაკი თავის სტატიაში წერს, თუ  უკრაინის საკითხი დაიბლოკება, მაშინ შესაძლოა, რომ ბალტიის ქვეყნებმა მხარი არ დაუჭირონ გაფართოების პაკეტში მყოფი სხვა ქვეყნების შემდეგ ეტაპზე გადასვლას.

„ბალტიის ქვეყნების ტრიომ, ესტონეთმა, ლატვიამ და ლიეტუვამ, განაცხადა, რომ თუკი უკრაინა ვერ წავა წინ, მაშინ ვერც სხვები წავლენ“, – წერს იოზვიაკი.

ამასთან, იოზვიაკის ინფორმაციით, ევროკავშირში თანხმდებიან იმაზე, რომ საქართველო და მოლდოვა წინ უნდა წავიდნენ. თბილისს კანდიდატის სტატუსი მისცენ, კიშინოვთან კი გავწრიანების მოლაპარაკებები დაიწყონ.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი