ახალი ამბები

ვინ არ მივა სალომე ზურაბიშვილის მიღებაზე

11 დეკემბერი, 2023 • 2232
ვინ არ მივა სალომე ზურაბიშვილის მიღებაზე

საქართველოს მეოთხე პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ინიციატივაში ჩართვა მიხეილ სააკაშვილის გადაწყვეტილებაზე იქნება დამოკიდებული. ამის შესახებ მან ტვ პირველთან სატელეფონო ინტერვიუში განაცხადა.

13 დეკემბერს სალომე ზურაბიშვილი კამპანიის „ჩვენი ხმა ევროპას“ ფარგლებში შეგროვებულ ხელმოწერებს ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებს გადასცემს. ამავე ღონისძიებაზე სალომე ზურაბიშვილი საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებს, ყოფილ და მოქმედ პრემიერებსა და საგარეო საქმეთა მინისტრებსაც იწვევს.

გიორგი მარგველაშვილი ამბობს, რომ მნიშვნელოვანია, ნათლად ჩანდეს მიხეილ სააკაშვილის პოზიციაც.

„ვალდებული ვარ, რომ დავიცვა პრეზიდენტის ინსტიტუტი. გასაკვირი იყო, რომ ქალბატონმა პრეზიდენტმა თავის საჯარო განცხადებაში არ ახსენა პრეზიდენტები, ყველა, ვინც იყო. სააკაშვილის პოზიცია ამ თვალსაზრისით ნათლად უნდა ჩანდეს ამ ერთიან პოზიციაში. თუ ხელის მოწერა იქნება, ბუნებრივია, ასეთ პეტიციას ხელს მოვაწერ, მაგრამ მხოლოდ იმის შემდეგ, რაც ასეთ პეტიციაზე ხელს მოაწერინებენ საქართველოს მესამე პრეზიდენტს, სადაც არ უნდა იყოს ის, მნიშვნელობა არ აქვს“, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

მმართველ გუნდში კი აცხადებენ, რომ პრეზიდენტის მიწვევას არ მიიღებენ.

„ბუნებრივია, ჩვენ ამ ფორმალური, ე.წ. პრეზიდენტის არანაირ დაძახებაზე არ დავდივართ[…] უბრალოდ, ძალიან უხერხულ სიტუაციაში არის, ხელოვნურად იგონებს რაღაც თემებს“, – განაცხადა „ქართული ოცნების“ წევრმა ალუდა ღუდუშაურმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი