ახალი ამბები

მურთაზ ზოდელავა ენმ-ს ტოვებს და ნიკა მელიას გუნდს უერთდება

8 დეკემბერი, 2023 • 1377
მურთაზ ზოდელავა ენმ-ს ტოვებს და ნიკა მელიას გუნდს უერთდება

მურთაზ ზოდელავა „ნაციონალურ მოძრაობას“ ტოვებს და ნიკა მელიას თანამოაზრეებს უერთდება.

ამის შესახებ მან „მთავარი არხის“ ეთერში განაცხადა.

„ცხადია, მე ვუერთდები ამ მოძრაობას, ეს არის ჩემი გულწრფელი სურვილი“, — განაცხადა ზოდელავამ.

კითხვაზე „ნაციონალურ მოძრაობას“ ტოვებს თუ არა, ზოდელავა დასძენს:

„ნაციონალური მოძრაობა“, მე მგონი, ისედაც არაერთგზის დამატოვებინეს. ცხადია, რომ ვუერთდები [მელიას მოძრაობას] ნიშნავს, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ ვტოვებ“, — აცხადებს ზოდელავა.

„ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილმა თავმჯდომარემ ნიკა მელიამ ენმ-დან წასვლისა და ახალი პარტიის დაფუძნების შესახებ ოფიციალურად 7 დეკემბერს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

პარტიის მოქმედმა თავმჯდომარე ლევან ბეჟაშვილმა ჯერ კიდევ 27 ნოემბერს თქვა, რომ ნიკა მელია პარტიის წევრი აღარ იყო.

მელიას განცხადებას წინ უძღოდა ენმ-ის წევრების მიერ სხვადასხვა ქალაქის საკრებულოებში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციის და რიგების დატოვება. მათ შორის ფრაქცია დატოვეს ენმ-ის დეპუტატებმა ახალციხის, კასპის, ხობის, ჭიათურის, ზუგდიდის და ბათუმის საკრებულოებში.

პარტიის წევრების ნაწილი, რომლებმაც ენმ დატოვეს, აცხადებდნენ, რომ პარტიიდან ლევან ხაბეიშვილის მიერ დაპირებების შეუსრულებლობის გამო მიდიან და არ გამორიცხავენ, რომ მის წინამორბედთან, ნიკა მელიასთან ერთად განაგრძონ პოლიტიკური საქმიანობა.

მასალების გადაბეჭდვის წესი