ახალი ამბები

მესამე კვარტალში ინვესტიციები 61.5%-ით შემცირდა — საქსტატის ექსპრეს მონაცემი

8 დეკემბერი, 2023 • 882
მესამე კვარტალში ინვესტიციები 61.5%-ით შემცირდა — საქსტატის ექსპრეს მონაცემი

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2023 წლის III კვარტალში 316.0 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.

საქსტატის წინასწარი მონაცემებით, 2023 წლის III კვარტალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა შემცირებულია 61.5 პროცენტით. შემცირების გამომწვევ უმთავრეს მიზეზს, საქსტატის ინფორმაციით, წარმოადგენს სავალო ვალდებულებების და რეინვესტიციის მოცულობის შემცირება.

ამასთან, სტატისტიკის სამსახურში აღნიშნავენ, რომ იმავე პერიოდში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, სააქციო კაპიტალი 2.5-ჯერ გაიზარდა და 590.3 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, ხოლო რეინვესტიციის მოცულობა 30 პროცენტით შემცირდა და 329.2 მლნ აშშ დოლარს გაუტოლდა.

2023 წლის III კვარტალში საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური
ინვესტიციების მიხედვით, პირველ ადგილზეა აშშ – 51.8 მლნ აშშ დოლარით, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 16.4 პროცენტს შეადგენს, მეორე ადგილზე იმყოფება გაერთიანებული სამეფო – 45.8 მლნ აშშ დოლარით (14.5 პროცენტი), ხოლო მესამეზე ნიდერლანდები – 45.3 მლნ აშშ დოლარით (14.3 პროცენტი). ხუთი უმსხვილესი ინვესტორი ქვეყნების წილი ინვესტიციების მთლიანი მოცულობის 58.7 პროცენტს შეადგენს.

2023 წლის III კვარტალში ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობების სექტორში განხორციელდა და 80.2 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 25.4 პროცენტია. მეორე ადგილს იკავებს ტრანსპორტის სექტორი – 61.9 მლნ აშშ დოლარით (19.6 პროცენტი), ხოლო მესამეზე იმყოფება ინფორმაციის და კომუნიკაციის სექტორი 41.0 მლნ აშშ დოლარით (13.0 პროცენტი).

ხუთი უმსხვილესი ეკონომიკის სექტორის წილი, საქსტატის წინასწარი მონაცემებით, ინვესტიციების მთლიანი მოცულობის 77.3 პროცენტს შეადგენს.

მასალების გადაბეჭდვის წესი