ახალი ამბები

ევრობარომეტრი: გაფართოების მომხრე ევროპელების რაოდენობა 5%-ით შემცირდა

8 დეკემბერი, 2023 • 946
ევრობარომეტრი: გაფართოების მომხრე ევროპელების რაოდენობა 5%-ით შემცირდა

ევრობარომეტრის 2023 წლის შემოდგომის კვლევის მიხედვით, ევროპელთა სტაბილური უმრავლესობა ფიქრობს, რომ ევროკავშირის წევრობა კარგია (61%) და მათმა ქვეყანამ ისარგებლა ევროკავშირის წევრობით (72%).

ამასთან, ეს უკანასკნელი მაჩვენებელი ბოლო წლების განმავლობაში მეტწილად მზარდია: 2010 წელს 50% იყო, 2019 წელს — 67%, 2020 წლიდან კი- 72%.

კითხვაზე, თუ რატომ ფიქრობენ, რომ მათმა ქვეყანამ ისარგებლა ევროკავშირის წევრობით, ევროპელები პირველ რიგში აღნიშნავენ ევროკავშირის წვლილს მშვიდობისა და უსაფრთხოების განმტკიცებაში (34%), ასევე, ევროკავშირის ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაუმჯობესებაში (34%). ათიდან შვიდი (70%) რესპონდენტი მიიჩნევს, რომ ევროკავშირის ქმედებები გავლენას ახდენს მათ ყოველდღიურ ცხოვრებაზე.

კანდიდატი ქვეყნების გაწევრიანების დაჩქარებას მხარს უჭერს ევროპის მოქალაქეების 53%. ევრობარომეტრის ფარგლებში გაფართოების შესახებ კითხვა პირველად დაისვა 2022 წლის გაზაფხულზე, უკრაინაში რუსეთის შეჭრიდან რამდენიმე კვირაში. მაშინ 58% დადებითად აფასებდა, რომ ევროკავშირმა დააჩქარა თავისი ძალისხმევა ახალი ქვეყნების გაწევრიანებაზე. ეს შედეგი ახლა 53%-მდე დაეცა.

40% არ ემხრობა, რომ ევროკავშირმა დააჩქაროს ახალი ქვეყნების მიღების ძალისხმევა. ლიეტუვას (72%), ესპანეთსა და ხორვატიას (ორივეს 68%) ეკუთვნით რესპონდენტთა ყველაზე დიდი წილი, რომლებიც თანხმდებიან, რომ ევროკავშირმა უნდა დააჩქაროს ძალისხმევა ახალი ქვეყნების ევროკავშირში გაწევრიანებაზე. ამ აზრს ნაკლებად ეთანხმებიან ჩეხეთში, სლოვაკეთში, კვიპროსში, ავსტრიაში, საფრანგეთსა და გერმანიაში.

გაფართოების მხარდაჭერა ქვეყნების მიხედვით. წყარო: ევრობარომეტრი

ევროკავშირის იმიჯი სტაბილური დარჩა 2023 წლის მარტიდან: მოქალაქეების 45%-ისთვის ბლოკის იმიჯი დადებითია, 38%-ისთვის — ნეიტრალური, 16%-ში კი — უარყოფითი. ოპტიმიზმი ევროკავშირის მომავლის მიმართ 2023 წლის გაზაფხულიდან 4%-ით შემცირდა და 60% შეადგინა.

გამოკითხვამ მოიცვა კითხვები ევროკავშირის ღირებულებებსა და თემებზე, რომლებიც ევროპელებს სურთ, რომ ევროპარლამენტისთვის პრიორიტეტული იყოს. დემოკრატია არის მთავარი ღირებულება, რომელიც ევროპარლამენტმა უნდა დაიცვას (გამოკითხულთა 38%-ის აზრით), რასაც მოჰყვება ადამიანის უფლებების დაცვა ევროკავშირსა და მთელ მსოფლიოში (27%) და სიტყვისა და აზრის თავისუფლება (27%).

ევროკავშირის მოქალაქეებისთვის პრიორიტეტული თემები, რომლებზეც ყურადღების მიქცევას ითხოვენ, არის სიღარიბისა და სოციალური გარიყულობის წინააღმდეგ ბრძოლა (36%), საზოგადოებრივი ჯანმრთელობა (34%), კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ ბრძოლა (29%) და ეკონომიკისა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნის მხარდაჭერა (29%).

რაც შეეხება სოციალურ-ეკონომიკური სირთულეებს, გამოკითხულთა 73% (6%-ით ნაკლები, ვიდრე 2023 წლის გაზაფხულზე) ფიქრობს, რომ მათი ცხოვრების დონე მომავალ წელს შემცირდება. მათგან 47% ამბობს, რომ უკვე იწვნიეს ცხოვრების დონის შემცირება. თუმცა ევროკავშირის 20 წევრ ქვეყანაში რესპონდენტთა უმრავლესობას არასოდეს ან თითქმის არასდროს ჰქონია გადასახადების გადახდის პრობლემა. ეს მაჩვენებელი ყველაზე მაღალია შვედეთში (93%) და ყველაზე დაბალი საბერძნეთში (14%). 37%-ს ზოგჯერ ან უმეტესად უჭირს გადასახადების გადახდა.

მოქალაქეების 48%-ის აზრით, ევროკავშირში საქმეები არასწორი მიმართულებით მიდის. დაახლოებით მესამედი (33%) ახლა მიიჩნევს, რომ ევროკავშირში საქმეები სწორი მიმართულებით მიდის. 2023 წლის გაზაფხულიდან კმაყოფილების დონე როგორც ევროკავშირში, ისე ეროვნულ დონეზე გაიზარდა 1 პროცენტული პუნქტით. ეროვნულ დონეზე, 10-დან 6 ევროპელი თვლის, რომ მის ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება. თუმცა იგივე რაოდენობა (60%) აცხადებს, რომ მათი პერსონალური ცხოვრება სწორად ვითარდება.

ევროპარლამენტის 2023 წლის შემოდგომის ევრობარომეტრი ჩატარდა კვლევითი სააგენტო Verian-ის მიერ 2023 წლის 25 სექტემბრიდან 19 ოქტომბრამდე, ევროკავშირის 27 წევრ ქვეყანაში. გამოკითხვა ჩატარდა პირისპირ, ვიდეოინტერვიუები (CAVI) დამატებით გამოყენებული იყო ჩეხეთში, დანიაში, ფინეთსა და მალტაში. სულ ჩატარდა 26 523 ინტერვიუ.

მასალების გადაბეჭდვის წესი