ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

არძინბა ამჯერად ქართველებსა და აფხაზებს შორის კონტაქტების დამყარებას კრძალავს

7 დეკემბერი, 2023 • 9780
არძინბა ამჯერად ქართველებსა და აფხაზებს შორის კონტაქტების დამყარებას კრძალავს

აფხაზეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ინალ არძინბა აფხაზეთში საერთაშორისო ორგანიზაციების საქმიანობსთან დაკავშირებულ აკრძალვებზე განცხადებას ავრცელებს. მისი თქმით, იკრძალება პროექტები, რომელთა მიზანია აფხაზეთისა და საქართველოს მოქალაქეებს შორის კონტაქტების დამყარება.

მისივე განცხადებით, იკრძალება იმ მედიაპროექტების დაფინანსება, რომლის მიზანია აფხაზეთის საშინაო და საგარეო პოლიტიკის გაშუქება.

გარდა ამისა, ინალ არძინბამ პერსონა ნონ-გრატად გამოცხადა USAID -ის რეგიონული ხელმძღვანელი ჯონ პენელი.

როგორც დე ფაქტო მინისტრი ამბობს, USAID-ს აფხაზეთში 8 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის პროექტები უნდა განეხორციელებინა. მოკვლევის დროს კი, როგორ ის აცხადებს, დადგინდა, რომ პროექტები ითვალისწინებდა ონლაინ და პირისპირ დიალოგის ფორმატებს აფხაზეთისა და საქართველოს მოქალაქეებს, მათ შორის დევნილებს შორის.

აქვე ნათქვამია, რომ USAID აფინანსებს უკრაინის შეიარაღებულ ძალებს “ჩვენი მთავარი მოკავშირის” – რუსეთის ფედერაციისა და ასევე, აფხაზეთის იმ მოქალაქეების წინააღმდეგ, ვინც მონაწილეობს სპეციალურ სამხედრო ოპერაციაში.

რამდენიმე დღის წინ აფხაზეთში მყოფმა კრემლის პროპაგანდისტმა მარგარიტა სიმონიანმა სტუდენტებთან შეხვედრისას განაცხადა, რომ საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციებში რეალურ საფრთხეს ხედავს.

“ისეთ არასამთავრობო ორგანიზაციებს, როგორიც USAID-ია, შეუძლია გავლენა იქონიონ აფხაზეთის განვითარებასა და მის პოლიტიკურ ცხოვრებაზე. “საკუთარი პოლიტიკისა და ღირებულებების თავს მოხვევას ცდილობენ და პარალიზებას უკეთებენ ქვეყანას ამ ერის კულტურული კოდის შეცვლით, საბოლოო ჯამში კი, დამოუკიდებლობას ართმევენ ქვეყანას. თქვენს ხელმძღვანელობას ვუსურვებ სიბრძნეს, გაბედულობას და ძალას, რომ უკომპრომისოდ ებრძოლოს მათ. არაფერი კარგი აქედან არ გამოვა. რა ლოზუნგებითაც არ უნდა მოვიდნენ ისინი თქვენთან, სიკეთეს ვერ მოგიტანენ, აი, ბოროტებას კი – ბევრს. ღმერთმა არ ქნას და ყველაფერი დასრულდება სისხლისღვრით, როგორც სრულდება ხოლმე მათი ჩარევა “, – თქვა სიმონიანმა აფხაზ სტუდენტებთან საუბარში.

USAID, რომელსაც არძინბა აკრძალვით ემუქრება, აფხაზეთში 10 მლნ $-ს ხარჯავს

რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ნამუშევარ ინალ არძინბას აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრად დანიშვნის შემდეგ, აფხაზეთში არასამთავრობო ორგანიზაციებზე ზეწოლა და მათ მიმართ მუქარა გაიზარდა. არძინბა ხშირად საუბრობს არასამთავრობოების ფინანსურ გაუმჭვირვალობაზე და აფხაზეთში დასავლეთის ქვეყნების, ასევე, საქართველოს რბილ ძალაზე, რასაც მისი თქმით, არასამთავრობოები ცდილობენ.

მისივე თქმით, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს, USAID-ის ოფიციალურ ვებ-გვერდზე ნათქვამია, რომ აფხაზეთში რეალიზდება პროექტები, რომლებიც მიმართულია “კრემლის დამღუპველ გავლენასთან საბრძოლველად” და “საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად”.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი