ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

USAID, რომელსაც არძინბა აკრძალვით ემუქრება, აფხაზეთში 10 მლნ $-ს ხარჯავს

23 ნოემბერი, 2023 • 4212
USAID, რომელსაც არძინბა აკრძალვით ემუქრება, აფხაზეთში 10 მლნ $-ს ხარჯავს

“ჩვენ გვაქვს ხუთწლიანი პროგრამა, რომლის ბიუჯეტიც არის 10 მლნ აშშ დოლარი. ყოველწლიური ბიუჯეტი გამოდის 2 მლნ აშშ დოლარი”, – აცხადებს ინტერვიუში “ბათუმელების” კითხვის საპასუხოდ ჯონ პანელი, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს [USAID] კავკასიის მისიის დირექტორი.

აფხაზეთი აუკრძალავს შესვლას იმ საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც აფხაზეთს ოკუპირებულ ტერიტორიად განიხილავენ. ამის შესახებ დე ფაქტო საგარეო მინისტრმა ინალ არძინბამ რამდენიმე დღის წინ ონლაინ კონფერენციის დროს განაცხადა.

მისივე თქმით, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს, USAID-ის ოფიციალურ ვებ-გვერდზე ნათქვამია, რომ აფხაზეთში რეალიზდება პროექტები, რომლებიც მიმართულია “კრემლის დამღუპველ გავლენასთან საბრძოლველად” და “საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად”.

“მათთვის, ვისაც აფხაზურ-რუსული ურთიერთობების გაფუჭება სურს და აფხაზეთის რესპუბლიკას ოკუპირებულ ტერიტორიად განიხილავს, ჩვენი კარი უახლოეს დროში დაიხურება”.

აფხაზური მხარის პოზიციის საპასუხოდ,”ბათუმელებმა” კითხვით მიმართა აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს [USAID] კავკასიის მისიის დირექტორს, რა საქმიანობას ეწევა ორგანიზაცია აფხაზეთში და რამდენს ხარჯავს იქ განხორციელებულ პროექტებში.

“ჩვენ გაეროს საშუალებით ვმუშაობთ აფხაზეთში სხვადასხვა მიმართულებით. ეს არის ჯანდაცვის სფერო, განათლება, მეწარმეობის მხარდაჭერა, გაცვლითი პროგრამები… ჩვენი მიზანია ხელი შევუწყოთ მშვიდობის პროცესს, უნდა დავეხმაროთ ნდობის შექმნას და მის მხარდაჭერას. უნდა ვნახოთ, როგორ განვითარდება ეს პროცესი. გაეროს საშუალებით ჩვენ ბევრს ვმუშაობთ იქ, რომ შესაძლებლობა მივცეთ და ხელი შევუწყოთ მშვიდობის შექმნას… მნიშვნელოვანია, ხალხს ერთმანეთის ესმოდეს. ჩვენ გვაქვს ხუთწლიანი პროგრამა, რომლის ბიუჯეტიც არის 10 მლნ აშშ დოლარი. ყოველწლიური ბიუჯეტი გამოდის 2 მლნ აშშ დოლარი.

ჩვენი მთავარი მიზანია ხალხთა შორის ნდობა გამყარდეს, ხელი შევუწყოთ დიალოგს, მშვიდობის პროცესს, ნდობის ჩამოყალიბებას და ვიმუშაოთ იმ საკითხებზე, რაც ძალიან მნიშვნელოვანია როგორც გამყოფ ხაზთან მცხოვრები, ისე – აფხაზეთში მცხოვრები მოსახლეობისთვის”, – აცხადებს ჯონ პანელი.

ვრცლად „ბათუმელების“ ინტერვიუ ჯონ პენელთან.

მასალების გადაბეჭდვის წესი