ახალი ამბები

„ერთიანი საქართველო ევროპისთვის“ — 8 დეკემბერს პროექტის პრეზენტაცია გაიმართება

7 დეკემბერი, 2023 • 794
„ერთიანი საქართველო ევროპისთვის“ — 8 დეკემბერს პროექტის პრეზენტაცია გაიმართება

8 დეკემბერს, 17:00 საათზე, სასტუმრო „სტამბაში“ კონრად ადენაუერის ფონდის წარმომადგენლობა სამხრეთ კავკასიაში (KAS) და მისი პარტნიორი ორგანიზაციები ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი (EPRC), საქართველოს ღია საზოგადოების ფონდი (OSGF) და თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი (IJH) გამართავს ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი ახალი პროექტის „ერთიანი საქართველო ევროპისთვის“ პრეზენტაციას.

როგორც შეხვედრის ორგანიზატორები აცხადებენ, პროექტი მიზნად ისახავს საქართველოს ევროკავშირთან დაახლოების ხელშეწყობას საზოგადოების ფართო ჩართულობითა და თანამშრომლობით; ქვეყანაში დემოკრატიის, სამოქალაქო საზოგადოების, ახალგაზრდების, მედიის, ბიზნესის, ახალგაზრდა ადვოკატების, და აქტივისტების სამართლებრივ მხარდაჭერასა და გაძლიერებას; სამეცნიერო კვლევებისა და საზოგადოებრივი დიალოგის ინიცირებას; საქართველოს საზოგადოებისა და საერთაშორისო საზოგადოების ინფორმირების ზრდას.

პროექტის ფარგლებში დაგეგმილია:

  • დამოუკიდებელი მონიტორინგის წარმოება და შესაბამისი ანალიტიკური მოხსენებების მომზადება სახელმწიფო და ევროპულ პოლიტიკაზე საქართველოს ევროკავშირთან დაახლოების მხარდასაჭერად;
  • ექსპერტთა დისკუსიებისა და დებატების ორგანიზება ევროპულ ინტეგრაციაზე – ევროპის კვლევითი და სამეცნიერო ცენტრების მონაწილეობით; საგანგებოდ შექმნილი კერძო და საჯარო სექტორების თემატური სამუშაო ჯგუფების ჩართულობით;
  • კოალიციების და ქსელების შექმნა მთელი საქართველოს მასშტაბით – „ევროპული ინტეგრაციის რეგიონული სამოქალაქო საბჭოების“ და „ევროპული ინტეგრაციის მედიაკოალიციის ჩამოყალიბება“;
  • ევროპული ინტეგრაციის საკითხებზე შესაძლებლობებისა და უნარების განვითარება; თემატური ტრენინგები (ToT) მედიისთვის, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისთვის, სამოქალაქო აქტივისტებისთვის და სოციალური მედიის გავლენიანი მომხმარებლებისთვის;
  • ფინანსური მხარდაჭერის მეშვეობით სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების (პრიორიტეტით ადგილობრივ ორგანიზაციებზე) იმ პროექტების მხარდაჭერა, რომლებიც საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესს ახალისებენ და ხელს უწყობენ;
  • იურიდიული დახმარების რეგიონული ბიუროების გახსნა არასამთავრობო ორგანიზაციების, მედიის, ჟურნალისტებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებისთვის იურიდიული დახმარების გასაწევად;
  • საქართველოს სკოლებში ევროპის შესახებ ლექციების ჩატარება და ევროპული ახალგაზრდული ბანაკების მოწყობა საქართველოს სხვადასხვა რეგიონის ახალგაზრდებისთვის; ახალგაზრდების ინოვაციური იდეების მხარდაჭერა;
  • მედიაპროდუქტების მომზადება კრეატიული სააგენტოების, მარკეტინგული და საკომუნიკაციო კომპანიების ჩართულობით;
  • ევროკავშირის საინფორმაციო ავტობუსისა და კარდაკარის კამპანიის ორგანიზება საქართველოს გარშემო;
  • მაღალი დონის კონფერენციის ორგანიზება საქართველოს ევროპულ ინტეგრაციაზე – ინტერესთა სხვადასხვა ჯგუფის (სამოქალაქო საზოგადოება, მედია, კერძო სექტორი, გადაწყვეტილების მიმღებები, საერთაშორისო პარტნიორები) ერთმანეთთან დაკავშირება საქართველოს ევროპული ინტეგრაციის დასაჩქარებლად და ა.შ.

პროექტი მხარდაჭერილია ევროკავშირის მიერ, მას ახორციელებს კონსორციუმი კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) ხელმძღვანელობით, რომელშიც შედიან ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი (EPRC), საქართველოს ღია საზოგადოების ფონდი (OSGF) და თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი (IJH).
„ერთიანი საქართველო ევროპისთვის“ საერთო ბიუჯეტია 3,099,837.08 ევრო, ხანგრძლივობა: 33 თვე.

მასალების გადაბეჭდვის წესი