ახალი ამბები

კობახიძე: როგორ წარიმართება მოლაპარაკებები EU-სა და უნგრეთს შორის, მათი საქმეა

7 დეკემბერი, 2023 • 679
კობახიძე: როგორ წარიმართება მოლაპარაკებები EU-სა და უნგრეთს შორის, მათი საქმეა

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე უნგრეთში ვიზიტის ფარგლებში ქვეყნის პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეს შეხვდა. კობახიძის თქმით, შეხვედრაზე განიხილეს საქართველოს ევროინტეგრაციის საკითხი და ქართულმა დელეგაციამ მყარი პირობა მიიღო, რომ უნგრეთი ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას მხარს დაუჭერს:

„ვაგრძელებთ უნგრეთში ვიზიტს პარლამენტში შეხვედრებით. შევხვდით უკვე პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეს, ბატონ იანოშ ლატორცეის და ვისაუბრეთ ქვეყნებს შორის თანამშრომლობაზე, პარლამენტებს შორის თანამშრომლობაზე. ბუნებრივია, საუბარი შეეხო ასევე კანდიდატის სტატუსის თემას.

აქაც მივიღეთ ძალიან მყარი პირობა, რომ უნგრეთი მხარს დაუჭერს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას. ჩვენთვის ეს მხარდაჭერა არის ძალიან მნიშვნელოვანი უნგრეთის მხრიდან. ჩვენ, საბოლოო ჯამში, დარწმუნებული ვართ, რომ 14-15 დეკემბერს დადებითი გადაწყვეტილება იქნება მიღებული საქართველოს სასარგებლოდ“, – აცხადებს ირაკლი კობახიძე.

კობახიძის თქმით, რაც შეეხება უკრაინისა და მოლდოვის საკითხს, ეს ევროკავშირსა და უნგრეთს შორის მოლაპარაკებების საგანია. ამასთან, კობახიძის თქმით, ამ მოლაპარაკებებმა არავითარი გავლენა არ უნდა მოახდინოს საქართველოს საკითხზე:

„უნგრეთის პოზიცია არის ის, რომ ეს არის ერთადერთი უალტერნატივო გადაწყვეტილება, რომელიც უნდა იყოს მიღებული საქართველოს სასარგებლოდ ევროპული საბჭოს სხდომაზე. როგორ წარიმართება მოლაპარაკებები ევროკავშირსა და უნგრეთს შორის, ეს არის ევროკავშირის და უნგრეთის საკითხი. რა თქმა უნდა, ჩვენ ამაში ვერ ჩავერევით. ბუნებრივია, ამ მოლაპარაკებებმა არავითარი გავლენა უნდა მოახდინოს საქართველოს საკითხზე.

მით უმეტეს, საქართველოს უკრაინის და მოლდოვის პირდაპირ დაკავშირება ამ მიმართულებით არ არის სწორი. თქვენ გახსოვთ შარშან, უკრაინას და მოლდოვას მიენიჭათ კანდიდატის სტატუსი, მაგრამ ეს არ გამხდარა საფუძველი იმისა, რომ საქართველოსაც მინიჭებოდა სტატუსი მიუხედავად იმისა, რომ საქართველო ბევრად უფრო წინ იყო. აქედან გამომიდინარე ხელოვნურია საქართველოს დაკავშირება იმ მოლაპარაკებებთან, რომელიც წარიმართება უკრაინის საკითხის გარშემო“, — აცხადებს კობახიძე.

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე აცხადებს, რომ მათთვის პრიორიტეტული საქართველოს საკითხია, თუმცა ევროინტეგრაციის გზაზე მხარს უჭერენ უკრაინას და მოლდოვასაც:

„რაც შეეხება ტრიოს საკითხს, ჩვენთვის მნიშვნელოვანია ჩვენი საკითხი. საქართველო იმსახურებს კანდიდატის სტატუსს და იმედი გვაქვს, მიენიჭება. ჩვენ ვგულშემატკივრობთ ასევე უკრაინას და მოლდოვას. ჩვენთვის მნიშვნელოვანია მათი წინსვლაც. თუმცა მთავარი ჩვენთვის არის საქართველოს საკითხი, საქართველოს მხარდაჭერა ევროინტეგრაციის გზაზე“ ,— აღნიშნავს კობახიძე.


უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელს ბოლო პერიოდში უკვე მეორე წერილი მისწერა. სააგენტო AP-ის ცნობით, ვიქტორ ორბანი ითხოვს, 14-15 დეკემბერს ბრიუსელში დაგეგმილი სამიტის დღის წესრიგიდან საერთოდ მოიხსნას ევროკავშირში უკრაინის გაწევრებისა და ომში მყოფი ქვეყნისთვის გრძელვადიანი, 50 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარების საკითხები.

„პატივისცემით მოგიწოდებთ, არ მოიწვიოთ ევროსაბჭო დეკემბერში ამ საკითხების გადასაწყვეტად, რადგან  აშკარა კონსენსუსის ნაკლებობა აუცილებლად გამოიწვევს მარცხს“, — AP-ის ცნობით, აღნიშნულია ორბანის წერილში, რომელიც 4 დეკემბრით თარიღდება.

სწორედ 14-15 დეკემბრის სამიტზე უნდა გადაწყდეს უკრაინისა და მოლდოვისთვის EU-ში გაწევრების მოლაპარაკებების გახსნის, საქართველოსთვის კი კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხი. ანალიტიკოსების ნაწილი ვარაუდობს, რომ უკრაინის საკითხის ჩაგდება უარყოფითად იმოქმედებს მოლდოვისა და საქართველოს პერსპექტივაზეც, რადგან პროცესი სწორედ უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ დაჩქარდა.

ვიქტორ ორბანი, რომელსაც ხშირად მოიხსენიებენ ევროკავშირში პუტინის ერთადერთ მოკავშირედ, ითხოვს, რომ ჯერ გაიმართოს „სტრატეგიული დისკუსია“ ევროკავშირში უკრაინის მომავალზე და სწორედ ამის შემდეგ გადაწყდეს მისი გაწევრების საკითხი.

გასულ თვეს ევროკომისიამ უკრაინისა და მოლდოვისთვის წევრობაზე მოლაპარაკებების დაწყებასა და საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე დადებითი რეკომენდაცია გასცა. საბოლოო გადაწყვეტილება კი ევროპელმა ლიდერებმა დეკემბერში უნდა მიიღონ ერთხმად, ნებისმიერი ერთის უარიც კი საკითხის ჩაგდებას ნიშნავს.

ვრცლად ამ თემაზე წაიკითხეთ: რა მოხდება, თუ უნგრეთი EU-ში უკრაინის საკითხს დაბლოკავს

მასალების გადაბეჭდვის წესი