ახალი ამბები

აშშ-ის სენატი კვლავ ვერ შეთანხმდა უკრაინისა და ისრაელისთვის დახმარების გამოყოფაზე

7 დეკემბერი, 2023 • 1052
აშშ-ის სენატი კვლავ ვერ შეთანხმდა უკრაინისა და ისრაელისთვის დახმარების გამოყოფაზე

აშშ-ის სენატმა კვლავ ვერ მიიღო 110 მილიარდი დოლარის საბიუჯეტო კანონპროექტი უკრაინისა და ისრაელისთვის დახმარების გამოყოფაზე. კანონპროექტი ხმის მიცემის ეტაპამდეც ვერ მივიდა – ამ პროცესზე გადასვლა რესპუბლიკური პარტიის ფრაქციის საწინააღმდეგო პოზიციის გამო ვერ მოხერხდა, იტყობინება „სი-ენ-ენი“.

რესპუბლიკელთა დიდი ნაწილის წინააღმდეგობა უკავშირდება არა მოკავშირეებისთვის დახმარების გამოყოფას, არამედ შიდაპოლიტიკურ საკითხებს – მიგრაციის მიმართ მკაცრად განწყობილი სენატორები მიიჩნევენ, რომ საბიუჯეტო კანონპროექტში არასაკმარისადაა ყურადღებამიქცეული აშშ-მექსიკის საზღვრის უსაფრთხოებისთვის და მისი ამ ფორმით მიღება არ შეიძლება.

კანონპროექტის კიდევ ერთხელ წარდგენა, ჩავარდნის მიუხედავად, კვლავაც იქნება შესაძლებელი. სენატორები აცხადებენ, რომ ესმით აშშ-ის მოკავშირეებისთვის დახმარების გამოყოფის მნიშვნელობა და შეეცდებიან, წლის ბოლომდე კომპრომისის მიღწევას და საჭიროების შემთხვევაშიც, საშობაო არდადეგებზეც არ გავლენ.

სენატის უმრავლესობის ლიდერმა, დემოკრატმა ჩაკ შუმერმა აღნიშნა, რომ „დამატებითი დახმარების შემდეგ უკრაინა შეიძლება დაეცეს, დემოკრატია ევროპაში რისკის ქვეშ დადგება. ვინც ფიქრობს, რომ ვლადიმერ პუტინი უკრაინაში გაჩერდება, უგულებელყოფს ისტორიის გაფრთხილებებს“.

აშშ-ის დახმარების გარეშე ომში დამარცხების რისკზე საუბრობს პრეზიდენტ ზელენსკის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ანდრიი ერმაკიც.

პრეზიდენტი ბაიდენი მოუწოდებს კონგრესს, რაც შეიძლება მალე მიიღოს კანონპროექტი უკრაინისთვის დახმარებაზე.

„არ შეცდეთ: დღევანდელი ხმის მიცემა დიდხანს ემახსოვრებათ. ისტორია მკაცრად განსჯის მათ, ვინც ზურგი შეაქცია თავისუფლების საქმეს. პუტინს არ უნდა გავამარჯვებინოთ“, – აღნიშნა მან.

მასალების გადაბეჭდვის წესი