ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

სომხეთის პარლამენტის თავმჯდომარემ ОДКБ-ს სხდომაში მონაწილეობაზე უარი თქვა

6 დეკემბერი, 2023 • 1068
სომხეთის პარლამენტის თავმჯდომარემ ОДКБ-ს სხდომაში მონაწილეობაზე უარი თქვა

სომხეთის ეროვნული კრების [პარლამენტის] ცნობით, პარლამენტის თავმჯდომარემ ალენ სიმონიანმა ოფიციალური წერილით დაუდასტურა რუსეთის სახელმწიფო დუმის თავმჯდომარეს, ვიაჩესლავ ვოლოდინს, რომ მონაწილეობას არ მიიღებს მოსკოვში 19 დეკემბერს დაგეგმილ ОДКБ-ს [კოლექტიური უსაფრთხოების შეთანხმების ორგანიზაცია] საპარლამენტო ასამბლეის სხდომაზე.

ოფიციალური ცნობითვე, მოსკოვში სხდომას არც საპარლამენტო დელეგაცია დაესწრება.

უკანასკნელ პერიოდში ОДКБ-ს სხვა სხდომებს ასევე არ დაესწრნენ პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი, თავდაცვის მინისტრი და უშიშროების საბჭოს მდივანი.

იქამდე სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ ვერ დაესწრება მინსკში 23 ნოემბერს დაგეგმილ ОДКБ-ს სხდომას.

„კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაცია“ (ОДКБ) ევრაზიაში NATO-ს მსგავსი, რუსეთის მიერ დომინირებული სამხედრო ბლოკია, რომლის მიზანიც წევრი სახელმწიფოების უსაფრთხოების დაცვაა.

ყარაბაღის 2020 წლის ომიდან დღემდე სომხეთის ოფიციალურ პირებს არაერთხელ გაუკეთებიათ განცახდება სომხეთისთვის ორგანიზაციის არაეფექტურობაზე. შესაბამისად, დღემდე სომხეთში ОДКБ-ს წევრობის შენარჩუნების საკითხი პოლიტიკური დისკურსის მთავარ თემად რჩება.

მასალების გადაბეჭდვის წესი