ახალი ამბები

ქალის გატაცების ბრალდებით პოლონეთში 3 ქართველი დააკავეს

6 დეკემბერი, 2023 • 1408
ქალის გატაცების ბრალდებით პოლონეთში 3 ქართველი დააკავეს

პოლონეთის პოლიციამ საქართველოს სამი მოქალაქე კაცი დააკავა. 33, 37 და 38 წლის კაცებს ბრალად ედებათ 19 წლის გოგოს გატაცება და მისთვის თავისუფლების აღკვეთა.

პოლონეთის პოლიციის ცნობით, პირველ დეკემბერს სამართალდამცავებს საქართველოს მოქალაქე კაცმა შეატყობინა, რომ სამმა კაცმა მისი 19 წლის შვილი გაიტაცა ქალაქ სკერნევიცედან, თავისივე სახლიდან.

როგორც პოლიცია იტყობინება, ადგილობრივმა პოლიციელებმა საქმეში ჩართეს სხვა ქალაქების სამართალდამცავები, მოახერხეს ავტომობილის დადგენა, რომლითაც გოგო გაიტაცეს. საბოლოოდ, 5 საათის შემდეგ, გამატაცებლებსა და გატაცებულს გატაცების ადგილიდან 180 კილომეტრში, ქალაქ ვერუშუვში მიაკვლიეს.

პოლიციის ცნობით, გოგო შეშინებული იყო, თუმცა სამედიცინო დახმარება არ დასჭირვებია.

სასამართლოს გადაწყვეტილებით, დაკავებულები მომდევნო 3 თვეს წინასწარ პატიმრობაში გაატარებენ. მათ 5 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.

მასალების გადაბეჭდვის წესი