ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

გალში ქართულ მხარესთან შეხვედრების აღდგენის გეგმაზე საუბრობენ

4 დეკემბერი, 2023 • 1497
გალში ქართულ მხარესთან შეხვედრების აღდგენის გეგმაზე საუბრობენ

გალის რაიონის დე ფაქტო ხელმძღვანელი კონსტანტინ ფილია აცხადებს, რომ მიმდინარეობს სპეციალური ზონის მომზადება ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის [IPRM] ფარგლებში შეხვედრების ჩასატარებლად.

“ენგურის ხიდის შემდეგ, არმისული ჩვენს გამშვებ პუნქტამდე ვამზადებთ ზონას კონფერენციის დარბაზით. იქ შეხვდებით ხოლმე. თან აფხაზეთის ტერიტორიაა, თან ისინი ჩვენთან ბოლომდე ვერ შემოვლენ. ვეცდებით ასეთ ფორმატში დავიწყოთ ნორმალური დიალოგი”, – ამბობს ფილია.

ფილიას ცნობითვე, ქართული მხარე აცხადებდა, რომ შეხვედრის მონაწილეები აფხაზურ მხარეს შიდა პასპორტებით გადაკვეთდნენ, რაზეც სოხუმი უარს აცხადებდა და საზღვარგარეთის პასპორტებს ითხოვდა ენგურის გადასაკვეთად. შესაბამისად, როგორც ის ამბობს, მოიძებნა ნეიტრალური ზონა.

ევროკავშირის, ეუთოს და რუსული მხარის ჩართულობით ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის [IPRM] ფარგლებში შეხვედრები ამ ეტაპზე მხოლოდ ცხინვალის მიმართულებით, სოფელ ერგნეთში ტარდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი