ახალი ამბები

ისრაელსა და „ჰამასს“ შორის ომი განახლდა

1 დეკემბერი, 2023 • 1858
ისრაელსა და „ჰამასს“ შორის ომი განახლდა

ერთკვირიანი ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ, ტერორისტულ ორგანიზაცია „ჰამასსა“ და ისრაელს შორის საომარი მოქმედებები განახლდა. მხარეებმა ერთმანეთს დასდეს ბრალი ცეცხლის შეწყვეტის პირობების დარღვევაში.

ცეცხლის შეწყვეტის პერიოდში ღაზის სექტორში მოხერხდა ჰუმანიტარული დახმარების, მათ შორის საწვავის, შეტანა, „ჰამასმა“ გაათავისუფლა 105 მძევალი — ისრაელის 81 მოქალაქე, ტაილანდის — 23 და ფილიპინების — 1. სანაცვლოდ ისრაელმა ციხეში მყოფი 210 პალესტინელი გაათავისუფლა.

ბოლო მონაცემებით, „ჰამასისა“ და სხვა დაჯგუფებების ტყვეობაში 140-მდე გატაცებული რჩება.

ისრაელი აცხადებს, რომ „ჰამასმა“, დაპირების მიუხედავად, არ გაათავისუფლა ყველა ქალი და ბავშვი მძევალი და ისრაელის მიმართულებით რაკეტები ცეცხლის შეწყვეტის ვადის ამოწურვამდე გაისროლა. „ჰამასის“ თქმით კი, ისრაელმა ხელი შეუშალა ღაზის სექტორის ჩრდილოეთ ნაწილში საწვავის შეტანას.

ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, ღაზის სექტორში სამხედრო ოპერაციები განაახლეს და შეიმუშავეს ახალი რუკა, რომელიც სექტორს ასობით ზონად ყოფს. ამ რუკის მიხედვით ისრაელი აპირებს, სამოქალაქო პირები გააფრთხილოს ევაკუაციის საჭიროების შესახებ, „ომის შემდეგი ეტაპისთვის მოსამზადებლად“.

„ჰამასის“ კონტროლირებადი ღაზის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, დღევანდელი დაბომბვის შედეგად უკვე დაიღუპა 32 ადამიანი. მთლიანობაში კი, 7 ოქტომბრიდან დღემდე, ამავე უწყების ცნობით, დაღუპულია 14 800 ადამიანი, მათ შორის, 6 000 ბავშვი.

გაეროს გენერალურმა მდივანმა, ანტონიო გუტიერეშმა განაცხადა, რომ დასანანია ომის განახლება და იმედი აქვს, ცეცხლის შეწყვეტა კვლავ მოხერხდება.

რთულ ჰუმანიტარულ სიტუაციაზე საუბრობს ჯანდაცვის მსოფლიოს ორგანიზაცია. მათი თქმით, ჯერ კიდევ ცეცხლის შეწყვეტის დასრულებამდე ღაზის საავადმყოფოებში ვითარება „საშინელებათა ფილმს ჰგავდა“. გაეროს ბავშვთა დაცვის ფონდში კი თქვეს, რომ ცეცხლის შეწყვეტისას ღაზაში შეტანილი ჰუმანიტარული დახმარება იყო მნიშვნელოვანი, მაგრამ არასაკმარისი.

მომზადებულია „ბი-ბი-სი“-ს მიხედვით


ისრაელმა “ჰამასს” ომი 7 ოქტომბერს, მას შემდეგ გამოუცხადა, რაც ტერორისტული ორგანიზაცია ისრაელის ტერიტორიაზე ღაზის სექტორიდან შეიჭრა და განურჩევლად დახოცა 1200-ზე მეტი ადამიანი, მათი უმრავლესობა მშვიდობიანი მოქალაქე, რომელთა შორის არიან ბავშვები, მოხუცები, ქალები და შშმ პირები.

გარდა ამისა, 200-ზე მეტი ადამიანი ღაზის მიმართულებით გაიტაცეს. ისრაელი ამბობს, რომ მოკლულთა დიდ ნაწილს წამების კვალი ეტყობა.ისრაელმა ღაზის სექტორის, ფაქტობრივად, შეუჩერებელი დაბომბვა და მოგვიანებით კი სახმელეთო ოპერაცია დაიწყო.

“ჰამასის” მართული ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ისრაელის დაბომბვებს თითქმის 15 ათასი ადამიანი ადამიანი ემსხვერპლა, რომელთაგან 6 ათასი ბავშვია. საერთაშორისო უფლებადაცვითი ორგანიზაციები, ასევე გაერო და მისი სააგენტოები ღაზის სექტორში არსებულ ვითარებას „კატასტროფულს“ უწოდებენ და ითხოვენ ცეცხლის შეწყვეტას, ასევე სრული ბლოკადის მოხსნას და იქ საკვებისა და საწვავის შეტანას.

მასალების გადაბეჭდვის წესი