ახალი ამბებისამართალი

რომელი კლანი? ვინ იგულისხმება კლანში? რატომ არის კლანი? – მოსამართლე

25 ნოემბერი, 2021 • 2206
რომელი კლანი? ვინ იგულისხმება კლანში? რატომ არის კლანი? – მოსამართლე

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატი თამარ ოქროპირიძე აცხადებს, რომ მოსამართლეთა ნაწილის მიერ აშშ-ის და ევროკავშირის საელჩოების მიმართ გავრცელებულ კრიტიკულ განცხადებას იზიარებს.

მეტიც, ოქროპირიძე ამბობს, რომ  თავადაც იყო საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციის იმ ადმინისტრაციული კომიტეტის წევრი, რომელმაც ეს განცხადება გაავრცელა.

მისი თქმით, მოსამართლეთა განცხადებაში “დასავლური ღირებულებების” უარყოფა არ ყოფილა.

ამასთან, მოსამართლე ოქროპირიძე აღნიშნავს, რომ სასამართლოს კრიტიკა ე.წ. მოსამართლეთა კლანის მიმართ მიუღებელია, რადგან ამის ობიექტური გარემოებები არ არსებობს.

ამის შესახებ მან პარლამენტის იურიდიულ კომიტეტზე მოსმენისას “მოქალაქეების” წევრის ლევან იოსელიანის კითხვაზე პასუხის გაცემისას ისაუბრა.

“მე გახლავართ ადმინისტრაციული კომიტეტის წევრი და, შესაბამისად, ვიზიარებ განცხადებას. ადმინისტრაციულ კომიტეტს ჰქონდა [განცხადების გავრცელების უფლება], ვინაიდან ეს არის ორგანო, რომელიც ნიშნავს მოსამართლეთა კონფერენციას და უწევს ორგანიზებას. [საელჩოების] განცხადებები შეეხებოდა, რომ კონფერენცია ჩატარდა ნაჩქარევად და გარკვეული დარღვევებით. ჩვენ ჩავთვალეთ, რომ გაგვერცელებინა ეს განცხადება და ობიექტური ინფორმაცია მიგვეწოდებინა. მინდა ცალსახად დავაფიქსირო ჩემი პოზიცია. ჩვენთვის დასავლური ღირებულებები, ევროსაბჭოს, ევროკავშირის, აშშ-ის დამსახურება და ჩართულობა სასამართლოს რეფორმირების პროცესში მნიშვნელოვანია. ადმინისტრაციული კომიტეტის განცხადებაში არ ყოფილა ამ ღირებულებების უარყოფა. ჩვენი მიზანი იყო, მიგვეწოდებინა ობიექტური ინფორმაცია, თუ რატომ ჩაინიშნა კონფერენცია და რომ ის კანონის სრული დაცვით ჩატარდა. იყო საუბარი, რომ ნაჩქარევად ჩატარდა, არადა, ორგანული კანონით დადგენილი წესით, ზუსტად 7 დღით ადრე მოხდა დღის წესრიგის გამოქვეყნება. საუბარია, რომ არჩევნების მეორე დღეს დაემთხვა, მაგრამ სასამართლო საერთოდ ჩამოცილებული უნდა იქნას პოლიტიკისგან და არც ეს არანაირად არ ეხება იმას, რომ კონფერენცია არჩევნების მეორე დღეს დაგვენიშნა. სასამართლო უნდა იყოს დამოუკიდებელი პოლიტიკისგან და აბსოლუტურად ნებისმიერი გარე თუ შიდა ჩარევისაგან. სასამართლო არის დამოუკიდებელი. გარდა ამისა, იყო განცხადება, რომ კონკრეტული მოსამართლეები ძირს უთხრიან სასამართლო სისტემას და ჩვენ გავაკეთეთ განცხადება, რომ ასეთი განცხადება იყო მიუღებელი. ვინაიდან თუ ასეთი განცხადება კეთდება, გარკვეული ფაქტობრივი გარემოებები უნდა არსებობდეს”, – განაცხადა თამარ ოქროპირიძემ.

მისი თქმით, ცალკეული არასამთვარობო ორგანიზაციების მხრიდან სასამართლოს მიზანმიმართული დისკრედიტაცია ხდება.

“საერთაშორისო თუ არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი თუ ამბობს, რომ თუნდაც სასამართლო სისტემაში არის კლანი, მაშინ უნდა დაასაბუთოს, რას ეფუძნება ეს გარემოება. რომელი კლანი? ვინ იგულისხმება ამ კლანში? აქედან გამომდინარე, ჩვენ ვთქვით, რომ გახსნილია სასამართლო სისტემა. რატომ არის კლანი? მე ხომ ვარ ერთი კონკრეტული მოსამართლე, მე ჩემს საქმიანობაში არასდროს არანაირი ჩარევა არ მიგრძვნია. მე ვარ ყველაზე ობიექტური შემფასებელი. როგორ შევაფასო, რომ სასამართლო სისტემაში არის კლანი, როდესაც ჩემს ინდივიდუალურ საქმიანობაში არავინ არ ჩარეულა”, – განაცხადა თამარ ოქროპირიძემ.

არასამთავრობო ორგანიზაციების და ოპოზიციური პარტიების პოლიტიკოსები მიუთითებენ, რომ სასამართლო სისტემაში არსებობს „მოსამართლეთა კლანი“. კლანის ლიდერებში ისინი მოიაზრებენ მოსამართლეებს — მიხეილ ჩინჩალაძეს და ლევან მურუსიძეს, რომლებიც „კლანის“ არსებობას უარყოფენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი