ახალი ამბები

„საქართველო გასაოცრად ადეკვატურად იქცევა“ – სიმონიანი მდინარაძის განცხადებაზე

30 ნოემბერი, 2023 •
„საქართველო გასაოცრად ადეკვატურად იქცევა“ – სიმონიანი მდინარაძის განცხადებაზე

რუსი პროპაგანდისტი, მარგარიტა სიმონიანი მორიგ ჯერზე აქებს საქართველოს ხელისუფლებას. ამჯერად მისი მოწონება „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნისა და პარტიის საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის განცხადებამ დაიმსახურა.

მდინარაძემ „ლელოს“ კანონპროექტზე [რომელიც სანქციებისთვის მიერთებასა და რუსეთის მოქალაქეებისთვის გარკვეული შეზღუდვების დაწესებას ითვალისწინებდა] საუბრისას არ დაუჭირა მხარი რუსეთის საწინააღმდეგო სანქციებისთვის საქართველოს მიერთებას – მისი თქმით, ეს „თავის მოტყუებაა“ და საქართველოს მოქალაქეებისთვის სანქციების დაწესების ტოლფასია. „გიჟები ხომ არ ვართ, ეს გავაკეთოთ?!“, – იკითხა მან.

სიმონიანმა თავის ტელეგრამ-არხში მდინარაძის ეს განცხადება გააზიარა და „გასაოცრად ადეკვატურად“ შეაფასა საქართველოს ქცევა. პროპაგანდისტმა ასევე სურვილი გამოთქვა, რომ იმავენაირად სომხეთიც იქცეოდეს – აქამდე მოსკოვის მოკავშირე, რომელთანაც ბოლო დროს რუსეთს ურთიერთობები დაეძაბა. სიმონიანი პირველად არ ადარებს საქართველოსა და სომხეთის მთავრობების პოზიციებს.

სიმონიანის გარდა, საქართველოს პოზიციას ხშირად აქებენ რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლებიც.

მასალების გადაბეჭდვის წესი