ახალი ამბები

კობახიძე განმარტავს, რატომ შეწყდა „ევროპარლამენტარებისგან ნეგატიური განცხადებები“

29 ნოემბერი, 2023 • 1484
კობახიძე განმარტავს, რატომ შეწყდა „ევროპარლამენტარებისგან ნეგატიური განცხადებები“

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, „ოდიოზური“ ევროპარლამენტარებისგან საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების მიმართ ნეგატიური განცხადებები „რაღაც მომენტში“ მას შემდეგ შეწყდა, რაც ამის შესახებ ერთ-ერთ ევროპელ დიპლომატს ესაუბრა.

კობახიძე არ აკონკრეტებს, თუ ვის ესაუბრა ამაზე, თუმცა ამბობს, რომ ამის შემდეგ ამ ევროპარლამენტარების მიმართ აღარც მმართველი გუნდის მხრიდან გაკეთებულა ნეგატიური განცხადებები.

„იყო ასეთი შემთხვევა, მქონდა საუბარი ერთ-ერთ ევროპელ დიპლომატთან. გახსოვთ, მაშინ ოდიოზური ევროპარლამენტარები აკეთებდნენ ნეგატიურ განცხადებებს საქართველოსთან მიმართებით და ვუთხარი, რომ თუ იქიდან შეწყდებოდა განცხადებები, ამ შემთხვევაში ჩვენი მხრიდან არცერთი ნეგატიური განცხადება არ გაკეთდებოდა.

მართლაც, როგორც ჩანს, ამ დიპლომატმა იმუშავა და მადლობა მას ამისთვის, შეწყდა რაღაც მომენტში ნეგატიური განცხადებები და ჩვენი მხრიდან იყო ნული განცხადება“, – განაცხადა კობახიძემ.

ირაკლი კობახიძის თქმით, თუ ვინმეს უნდა საქართველოში პოლარიზაციის დასრულება, მაშინ, პირველ რიგში, ოპოზიციას უნდა მოუწოდოს, რომ აღიარონ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების ლეგიტიმაცია.

მისი თქმით, ოპოზიცია ხელისუფლების მიმართ მუდმივად შეურაცხმყოფელ განცხადებებს აკეთებს და ამაზე მმართველი გუნდიც პასუხს სცემს, რადგან ეს პოლიტიკური კონკურენციის ნაწილია.

„იმ პირობებში, როდესაც გამოდიან [ოპოზიციიდან] ეს ბატონები, ქალბატონები და ხან რუსულს გვეძახიან, ხან პუტინისტურს და ა.შ. იქ პასუხი არ გავცეთ, ეგ რანაირად?  შეუძლებელია. თუ ვინმეს უნდა პოლარიზაციის დასრულება, პირველ რიგში, ოპოზიციას უნდა მოუწოდო, რომ მათ აღიარონ ჩვენი ხელისუფლების როგორც საშინაო პოლიტიკური, ასევე საგარეო პოლიტიკური ლეგიტიმაცია. ამას თუ გააკეთებენ, პოლარიზაციაც რადიკალურად შემცირდება. არ გააკეთებენ და, სამწუხაროდ, ვიქნებით ამ რეჟიმში“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მასალების გადაბეჭდვის წესი