ახალი ამბები

„სტუდენტებისთვის დავალიანების ჩამოწერის შედეგად სწავლას 4 000 პირი დაუბრუნდა” — მინისტრი

28 ნოემბერი, 2023 • 769
„სტუდენტებისთვის დავალიანების ჩამოწერის შედეგად სწავლას 4 000 პირი დაუბრუნდა” — მინისტრი

საქართველოს განათლების მინისტრი გიორგი ამილახვარი პარლამენტში დეპუტატ ნატო ჩხეიძის კითხვის პასუხად აცხადებს, რომ სტატუსშეჩერებული სტუდენტებისთვის დავალიანების ჩამოწერის პროგრამის შედეგად სწავლას 4 000-მდე ადამიანი დაუბრუნდა.

მინისტრის თქმით, აღნიშნული მონაცემი 2023 წლის სექტემბერ-ოქტომბერს მოიცავს. ამასთან, ამილახვარმა აღნიშნა, რომ პროგრამას შეუერთდა ყველა სახელმწიფო უნივერსიტეტი, გამონაკლისი მხოლოდ ორი კერძო უნივერსიტეტი იყო, რომელსაც მინისტრი არ ასახელებს:

„2023 წლის სექტემბრიდან ასეთი არის 4 000-მდე სტუდენტი, ვინც მყისიერად აღიდგინა სტატუსი და დაუბრუნდა სასწავლო პროცესს. თავისუფალი ნების პირობებში ყველა კერძო უნივერსიტეტს სრულიად ფინანსური გარიგება შევთავაზეთ. ეს პრაქტიკულად მიუღებელი შემოსავალი იყო უნივერსიტეტებისთვის.

სახელმწიფო ყველა შემოუერთდა, მხოლოდ ორი კერძო უნივერსიტეტი არ შემოუერთდა. როგორ შეიძლება არ შემოუერთდე ასეთ ინიციატივას მაშინ, როდესაც სახელმწიფო გეუბნება, იმ საბაზრო ღირებულებით, რაც ფინანსურ ბაზარზე ეს ვალი ღირს, იმას გადავიხდით“ ,— ამბობს გიორგი ამილახვარი.

15 სექტემბერს მთავრობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ფინანსური დავალიანების გამო ამ დროისათვის სტატუსი შეჩერებული აქვს 30 ათასამდე სტუდენტს. როგორც ის ამბობდა, ყველა ამ სტუდენტს დავალიანებას გაუნულებენ.

ღარიბაშვილის თქმით, ამ ვალის ჯამური ოდენობა 40 მილიონ ლარს აღწევს. შესაბამისად, დავალიანების ჩამოწერის შემდეგ აღნიშნული სტუდენტები სწავლის გაგრძელებას შეძლებენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი